Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

14:14 08.11.2018
ცესკო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებისა და ვადების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით.

 

„ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები შეიტანება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც მეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18 წელი; გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ პირების მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კონკრეტულ ვადებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიან რეგისტრაციას ან შეცვლილი ექნებათ რეგისტრაციის მისამართი.


მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაც მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გავლილი ექნებათ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. აღნიშნული პროცედურის განხორციელება ამომრჩევლებს საკონსულოს ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ ელექტრონულად. ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოეცემა 12 ნოემბერს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა დანიშნონ/შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

 

მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.

 

„აღნიშნული ნორმები დღეიდან შევიდა ძალაში. მივმართავთ დაინტერესებულ მხარეებს გაითვალსწინონ ცესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად დადგენილი მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურები და ვადები“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge