Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:37 08.11.2018
დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, სოფელ ყვარელში დაიბადა. 

 

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე წმინდანადაა შერაცხილი წმინდა ილია მართლის სახელით.

 

ილია ჭავჭავაძე გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში დაიბადა. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას კი - მამა. დაობლებულ ილიასა და მის და-ძმებზე მზრუნველობა მამიდამ მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.  ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად. 1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

 

1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. 1863 წელს ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი  „საქართველოს მოამბე", უმძიმესი ცენზურის მიუხედავად, ფაქტობრივად ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.

 

ილია ჭავჭავაძე 1863 წელს ოლღა გურამიშვილზე დაქორწინდა.

 

1875  წელს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში.

 

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა „ივერია", რომელიც მრავალი  წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და ახალი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.

 

1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

 

1906 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები".

 

1907 წლის 12 სექტემბერს (ძველი დროით 28 აგვისტოს) თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.

 

ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია.

 

მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია".

 

ვაჟა-ფშაველა კი  წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."

 

ილია წავჭავაძე თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

 

მან სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მწერლის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

 

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. 

 

ავტორი: ნათია ცუხიშვილი

 

ავტორ(ებ)ი : reportiori.ge