Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

გუშინ, კლუბ „ზაზანოვაში“, კომპოზიტორ ნატო თოთიბაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამო მისმა მეგობრებმა და შემსრულებლებმა  კომპოზიტორს სიურპრიზად მოუწყეს და სპეციალური პროგრამით დახვდნენ. ნატო თოთიბაძის საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ ხელოვანები სხვადასხვა სფეროდან, როგორებიც არიან: ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, ნანა ცინცაძე, მარიკო ებრალიძე, ქეთი ორჯონიკიძე, ნათია ქოროღლიშვილი, კვარტეტი „მუხამბაზი“ და სხვები. საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - მარინა სალუქვაძემ კი, არაჩვეულებრივი „ტანგო“, შეასრულა, რომელიც მას წლების წინ, თავად იუბილარმა კომპოზიტორმა დაუწერა. 

 

 

საღამოს დამსწრე საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა მომღერალ ლაშა ღლონტთან ერთად, ნატო თოთიბაძის მოწაფე-ნატალიასთან ერთად ჩაწერილი სიმღერის ფონზე, დიდ ეკრანზე ნაჩვენები ფოტოკოლაჟი - კომპოზიტორის ცხოვრებიდან. 

 

 

საიუბილეო საღამოს კომპოზიტორის მეგობარი - მაიკო ღუღუნიშვილი უძღვებოდა, რომელმაც, „ჯორჯიან თაიმსთან“ ამ დღის იდეასა და შედეგებზე ისაუბრა:

 

„ნატოსთვის დაბადების დღის ასეთი ფორმით აღნიშვნის იდეა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე გაჩნდა. იდეის ავტორები მისი მეგობრები იყვნენ, რომლებმაც, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ადამიანებს, ვინც ნატოს სიმღერებს ასრულებენ, კარგად ვიცნობ, მე მთხოვეს დახმარება.


მაშინ მე ცოტა შევეწინააღმდეგე, ვინაიდან, მინდოდა მისთვის უფრო ფართომასშტაბიანი საღამო გაგვეკეთებინა, რადგან, ვფიქრობ, რომ ნატო ნამდვილად არის ის ადამიანი, ვინც ამას იმსახურებს. 


ასე დავგეგმეთ და მოვუყარეთ თავი მის მეგობრებს, მეგობარ-შემსრულებლებს და ვფიქრობ, რომ ერთი კარგი, თბილი, საღამო გამოგვივიდა.“ - განაცხადა მან. 

 

 

საღამოს დასასრულს, კომპოზიტორმა ნატო თოთიბაძემ, საკუთარი ემოციები და სიხარული გაგვიზიარა:

 

„ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არის გამორჩეულად არდასავიწყებელი დღე, რომელიც, ალბათ, ღრმა სიბერემდე ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება.


ჩემმა მეგობრებმა ალბათ უკვე მეათასედ დამიმტკიცეს, რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში - მათ, შემდეგ კი - ყველა აქ მოსულ სტუმარს.“ - განაცხადა მან. 

 

/თამუნა დუღაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge