Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:07 27.10.2018
“ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ

“28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ღამეს, 8 საათის შემდეგ, მხოლოდ ორი ეგზიტპოლი გამოქვეყნდება და წლეულს ეგზიტპოლებით ბრძოლაში მხოლოდ ორი პარტია ჩაერთვება - “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. ამომრჩევლების გამოკითხვებს “რუსთავი 2”-ის დაკვეთით “ედისონ რისერჩი” და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ბი-სი-ჯი ჩაატარებენ. “იმედი”, “მაესტრო” და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ არჩევნებზე ეგზიტპოლებით ბრძოლაში ჩართვას არ აპირებენ", - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეგზიტპოლებს მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აწყობენ.


“ახლა მთავარია, რომელი ეგზიტპოლი რა მონაცემებს დასვამს და რამდენად დაემთხვევა თუ ასცდება ისინი ერთმანეთს და შემდეგ ცესკო-ს მონაცემებს. მოლოდინია, რომ თუკი რომელიმე ეგზიტპოლით მეორე ტური გამოიკვეთება, ხოლო ცესკო-ს მონაცემებით გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოვლინდება, გაყალბების მოტივით ქუჩაში დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. თუმცა მარტო ეგზიტპოლების შედეგებით გაყალბებაზე მტკიცება ძალიან გაჭირდება. პარალელურად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა მოხდება საარჩევნო უბნებზე, რამდენად ხშირი იქნება დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა და რამდენად ბევრი საჩივარი დაიწერება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, “სამართლიანი არჩევნები” ხმის პარალელური დათვლით რა შედეგს დადებს. საზმაუში “რეზონანსს” განუცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ დაუკვეთავთ და არც სხვა ეგზიტპოლებს გააშუქებენ. “იმედსა” და “მაესტროზეც” განაცხადეს, რომ მათ ეგზიტპოლი არ ექნებათ. როგორც ცესკო-ში თქვეს, მათ ოფიციალურად მხოლოდ ორმა კვლევითმა კომპანიამ მიმართა ეგზიტპოლების მოსაწყობად - “ედისონ რისერჩმა” და ბი-სი-ჯიმ”, - , - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს:

 

“საგულისხმოა, რომ ყველა არჩევნების დროს ეგზიტპოლების შედეგები განხილვის საგანი ხდება განსხვავებული მონაცემების გამოქვეყნების გამო. მათ შორის ყველაზე დიდი უკმაყოფილება ეგზიტპოლების მონაცემების გამო იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც არც ერთი ეგზიტპოლი არ დაემთხვა ცესკო-ს შედეგს და ზოგიერთში აცდენა 22%-იც კი იყო. ამის გამო ამ გამოკითხვების მიმართ დიდი უნდობლობაა და ბევრი მიიჩნევს, რომ ის უფრო პროპაგანდისტულ მიზანსა და წინასწარი განწყობის შექმნას ემსახურება”.

 

ავტორ(ებ)ი : “რეზონანსი”