Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

20:05 12.10.2018
23 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთში წამებით მოკლეს - მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი

პალიტრანიუსის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთში წამებით მოკლეს. მას 2 თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოკლულის ახლობლები და მეგობრები ყვებიან, რომ სოფო წიკლაური ნაწამებია და მას  სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ახლობლები ვარაუდობენ, რომ მომხდარი შესაძლოა ძარცვას უკავშირდებოდეს. ნაწამები გოგონას ცხედარი მისმა მეგობრებმა იპოვეს. "კარს არავინ გვიღებდა და ბოლოს შევამტვრიეთ, რადგან შიგნიდან ძაღლის ყმუილიც ისმოდა. შევედით, ვნახეთ იატაკზე დაგდებული სოფო, ბავშვი თავის საწოლში იწვა. როგორც პოლიციამ გვითხრა, სამწუხაროდ, პატარა დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. პოლიციამ თვითმკვლელობა გამორიცხა, ანუ სავარაუდოდ, მოკლულია. მათი ვერსიით, სოფო არის წამებით მოკლული. ხელები დამტვრეული ჰქონდა, სხეულზე სიგარეტის ნამწვავები და სილურჯეები აღენიშნებოდა, ერთი მუჭა საკუთარი თმა ეჭირა ხელში, ეტყობა, სიმწრისგან ჩამოგლეჯილი" - აცხადებს გოგონას საბერძნეთშივე მყოფი მეგობარი ქეთევან ძიგუა. ირკვევა, რომ დაღუპული საბერძნეთში დაქორწინდა, თუმცა შემდეგ მისი მეუღლე დააკავეს და ამჟამად ის პატიმრობაშია. სოფო წიკლაური უკვე 5 წელია, რაც  ემიგრაციაში იმყოფებოდა. გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ცხედარს ახლა ექსპერტიზა უტარდება. დაწყებულია გამოძიება.

 

შოთო სიხარულიძე, რომელიც ემიგრანტების პატრონაჟს ეწევა, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს: გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 23 წლის სოფო შანშიაშვილი-წიკლაური (წიკლაური დედის გვარია). იპოვეს ბინაში 2 დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა....
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

ცალკე პოსტს ავრცელებს ემიგრანტი დარეჯან ღამბაშიძე: „სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“. დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა, ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ, ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით...“ 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge