Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:53 12.10.2018
"სამუშაო ადგილები გვაქვს, მაგრამ არ არის შესაბამისი მიწოდება ბაზარზე"- დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ არ არის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მიწოდება, - ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კადრების სიმცირის პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება.

 

„საკითხი დგას ასე - ჩვენ გვაქვს სამუშაო ადგილები, მაგრამ არ არის შესაბამისი მიწოდება ბაზარზე. ამაში იგულისხმება კვალიფიციური კადრი, ანუ შესაბამისი კადრი. სამუშაო ადგილებზე, სადაც არის შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი კადრი უნდა იყოს მიწოდებული. ეს უნდა გააკეთოს განათლების სისტემამ. ძირითადი აქცენტები კეთდება პროფესიულ განათლებაზე, რაც მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ განვითარებული", - განაცხადა მელაძემ.

 

ელგუჯა მელაძემ ის პროფესიებიც დაასახელა, რომლის კადრების სიმცირეცაა ქვეყანაში.


„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ძირითადად აგროწარმოების ქვეყანაა, ბევრი საწარმო შეიქმნა. აქ გვაქვს ჩვენ დიდი პრობლემა, მოთხოვნა, აგრონომებზე, ტრაქტორისტებზე, მექანიზატორებზე. ასევე, რასაკვირველია, მოთხოვნა გვაქვს ცოტა უფრო მაღალი რანგის სპეციალისტებზე. თუმცა, ესეც პროფესიული განათლების რანგში ჯდება, რასაც თანამედროვე ცოდნა ესაჭიროება", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

 

დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრების მოთხოვნაა სურსათის გადამუშავების სფეროშიც და ასევე მოთხოვნადია ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კადრები.


„ასევე სხვადასხვა სახის საწარმო ტექნოლოგიები შემოვიდა ქვეყანაში, რომლებსაც რასაკვირველია, შესაბამისი კადრი ესაჭიროება. ესენია ე.წ. მემონტაჟეები, გამმართველები, დიდი მოთხოვნა. მოთხოვნა არის ამწე მემანქანეებზე", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში ასევე დიდი მოთხოვნა არის შრომის უსაფრთხოების ინჟინრებზეც და ამ პრობლემის გადასაჭრელად სოციალური პარტნიორები და პროფკავშირები მსჯელობენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge