Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:26 11.10.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში 2017 წლის 24 ივნისს, გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 27 წლის გიორგი ფიცხელიანი მოკლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფიცხელიანს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გიორგი ფიცხელიანი, 2009 წელს ქუთაისში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა. ფიცხელიანმა მასთან მყოფ პირთან ერთად ორი ადამიანი იარაღით დაჭრა, რის გამოც მან სასჯელიც მოიხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, გ. ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს თვალისწინებს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.ბ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის – გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

 

გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. პოლიციამ, ვ.კ.-ს ახლობლის – გ.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღო.

 

სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge