Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:40 11.10.2018
„უცებ ჩემს წინ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვის ჯინსის ქურთუკის ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა“

პოეტი მარიამ ხუცურაული სოციალურ ქსელში, თბილისის მეტროში მომხდარ ემოციურ ამბავზე წერს:

.

„ეს გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე „ვაგზლის მოედნიდან“ „ავლაბრამდე“. ზურგსუკან საუბარმა მიმახედა. - ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ. დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო. 30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში. – თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და „ფარმადეპოში“ ბებოს წამლებს… ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და „კორსო იტალიას” რეკლამას გახედა. მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა. შემდეგი სადგური „თავისუფლების მოედანიო“ უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა… ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული. მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი… P.S. უშურველი კაცის ხელი არ დარჩება ცარიელიო… არც დატოვო, ღმერთო!“, წერს მარიამ ხუცურაული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge