Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:51 09.10.2018
„შედეგი მიღწეულია! რუსეთმა დღეს პასეში რეზოლუცია ვერ გაიტანა“

„შედეგი მიღწეულია! რუსეთმა დღეს პასეში რეზოლუცია ვერ გაიტანა“, წერს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. მისი ინფორმაციით, რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია - ევროსაბჭომ მოსკოვს უარი უთხრა სანქციების გაუქმებაზე. რეზოლუცია დაბრუნდა კომიტეტებში, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რუსეთს ევროსაბჭოში ხმის უფლება არ აღუდგება.

 

ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭო არ წავიდა კომპრომისზე და არ დაუშვა პრეცედენტი, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემდეგ რუსეთის ფედერაციას სანქციები მოხსნოდა. „ეს არის ევროსაბჭოს დიდი გამარჯვება, რომ არ მიიღო რეზოლუცია და არ შეურბილა რუსეთის ფედერაციას მდგომარეობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროპის მხრიდან რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი წნეხი მთელი ამ დღეებისა და გასული წლის განმავლობაში, მათ მაინც ვერ მოახერხეს იმ შედეგის მიღება, რა შედეგის მიღებაც სურდათ. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, უნდა შევიდეს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის საპროცესო წესებში რამე ცვლილება, ამაზე კომიტეტებში მომავალში გაგრძელდება მსჯელობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გადაწყვიტა, კომიტეტში დააბრუნოს მოხსენება, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების წესების შეცვლას ითვალისწინებდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მომხსენებელმა პეტრა დე სუტერმა ხაზი გაუსვა დოკუმენტის გარშემო წარმოქმნილ "ცხარე კამათს" და გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხის განხილვას 2019 წლის იანვარში დაუბრუნდეს. მის წინადადებას მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 99 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 79 წავიდა, 16-მა კი თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოთხოვნით შემუშავებული ახალი წესების დასამტკიცებლად, ხმათა ორი მესამედი იყო საჭირო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge