Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:46 08.10.2018
“ივანიშვილი ცაიტნოტშია - უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!”- გია ხუხაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ ამ ფარულ აუდიოჩანაწერებში გვესმის ბიძინა ივანიშვილის გვარი, მე მაინც ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის ამ ბინძური თამაშის თანამონაწილეა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ამ ძალიან მძიმე ისტორიას, დროთა განმავლობაში უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, ამ სიბინძურეს გაემიჯნოს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი ცაიტნოტშია... უმოქმედობა ძალიან ძვირად დაუჯდება!” / “მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ“ / “რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ” / “თუ ბიძინა ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს. სისტემური ურჩხული, რომელიც მის წიაღშივე ჩამოყალიბდა, მასვე გაანადგურებს” / “ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით “ნაციონალური მოძრაობის” სადიზმიდან “ქართული ოცნების” მაზოხიზმამდე”.

 

“თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამას გადააგორებენ და ეს ამბავი ვინმეს დაავიწყდება, ბრიყვია და მეტი არაფერი. ახლა საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება, ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის, მისი ღირსების საქმეა ამ დანაშაულის გამოძიება და დასასჯელის დასჯა, ვინც არ უნდა იყოს იგი. თუ ბიძინა ივანიშვილმა ეს არ გააკეთა, მაშინ, ფაქტობრივად, ის ვითარება, ის განცდა, რაც საზოგადოებაშია ჩაბუდებული, რომ ყველაფერზე ის არის პასუხისმგებელი, დადასტურდება. ახლა ივანიშვილის უმოქმედობა იქნება ამ ყველაფერზე ხელის მოწერა, პასუხისმგებლობის აღება, რაც ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს, რასაც ნამდვილად არ ვუსურვებდი. მესმის, იმ ხალხმა, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში შავი საქმეები აკეთა, დიდი გავლენა და სავარაუდოდ, დიდი ფულიც იშოვა, ისინი ამას იოლად არ შეელევიან, მაგრამ თუ პოლიტიკური ნება იქნება, მათთან გამკლავება მოხერხდება. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, ასეთ შემთხვევაში, რაც უნდა დიდი გალავნები და ღრმა ბუნკერები აშენონ, ფარცხალაძეც და სხვებიც ვერსად დაიმალებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

 

“ქართულ ოცნებას" არ ესმის ერთი მარტივი ჭეშმარიტება - დღეს მისი პრობლემა ოპოზიცია კი არ არის ან კონკრეტული საქმეები - ხორავას ქუჩის ტრაგედია, ოქუაშვილის თემა და ა.შ., არამედ მისი პრობლემაა ის, რომ მან თავის თავში გამოზარდა ურჩხული სისტემის სახით, რომელიც ახლა შიგნიდან მასვე ჭამს. დღეს ხელისუფლება მძევლად ჰყავს “კოლექტიურ მურუსიძეს”, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან გადმოიბარეს. განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და “ქართული ოცნების” მმართველობას შორის ის არის, რომ სისტემური მანკიერება მაშინ თუ სადისტურ ხასიათს ატარებდა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მაზოხისტური გახდა. “ქართულ ოცნებას” ამ ურჩხულის მართვა არ შეუძლია, შედეგად, სადიზმი გადავიდა მაზოხიზმში - ერთი წინადადებით დავახასიათებ საქართველოს უახლეს ისტორიას - ეს არის ისტორია იმისა, თუ როგორ მოვედით "ნაციონალური მოძრაობის" სადიზმიდან “ქართული ოცნების” მაზოხიზმამდე. ყველა ეს საქმე, ყველა ნაღმი, რომელზეც ხელისუფლება ფეთქდება, გარედან კი არ არის დადებული, არამედ შიგნით, საკუთარ წიაღშივე აქვთ... იმ მანკიერებათა შორის, რამაც იჩინა თავი, ყველაზე შემაშფოთებელი სისტემური კორუფციაა. ოქუაშვილის საქმე ავიღოთ, ხომ ყველამ ვიცით, რომ ის ანგელოზი არ არის, მაგრამ ისე მოახერხეს, რომ ოქუაშვილიც კი ხელისუფლების ინტერესჯგუფებთან შედარებით ლამის კეთილშობილად გამოიყურება...” - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადება ხომ წმინდა წყლის სიბრიყვეა, ამას არ სჯობდა, პირდაპირ ეთქვათ, ჩვენი კანდიდატიაო. ჩვენ ვხედავთ, ვინ უდგას გვერდით სალომე ზურაბიშვილს - “ქართული ოცნების” აქტივი და პარტიის ფინანსები, რომელიც სამედიცინო კლინიკების გავლით ძალიან უცნაური წესით აითვისეს. მარიხუანას თაობაზე წამოჭრილი ინიციატივაც გავიხსენოთ... რომელი ერთი საკითხი ვახსენო, სადაც აშკარად ჩანს ხელისუფლების პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნები. ლევან ყიფიანის აღიარებაც თვითდაზიანების მაგალითი იყო. ლევან ყიფიანი ახლა არის “ქართული ოცნების” პოლიტიკის ნამდვილი სახე, რომელმაც აღიარა თაღლითობა იმ მიზნით, რომ სამართლებრივად რაღაც შეეფუთა... მე შეიძლება არ მომწონს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ იმაზე მეტად არ მომწონს ვაშაძე, იმიტომ, რომ ის პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს, ჩემში ძალიან უარყოფით ემოციას იწვევს. რა არჩევანი გვაქვს? არჩევანი სადიზმსა და მაზოხიზმს შორის? არც სადისტი ხელისუფალი მინდა და არც მაზოხისტი, მე მინდა ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები და პოლიტიკური გუნდი, რომლებსაც მხოლოდ სურვილი კი არ ექნებათ კარგის კეთების, არამედ რეალურად შეეძლებათ კიდეც”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ელით, რომ მესამე ცენტრის ჩანასახი “ქართული ოცნების” წიაღშივე გამოჩნდება?”, - პასუხობს:

 

“მეეჭვება. საქმე ის არის, რომ "ქართულ ოცნებაში" ვერ მოხდა ლიდერების გენერაცია. პირიქით, ამ პარტიის პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდა პარაზიტად, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რესურსებით იკვებება და მის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ასე რომ, სკეპტიკურად ვუყურებ ამას, მიუხედავად იმისა, რომ “ოცნებაში” არსებულ ჯგუფებს აქვთ ასეთი ილუზიები, მაგრამ მათი პოლიტიკური პოტენციალი ძალიან შეზღუდულია. თუ ბიძინა ივანიშვილი ნაჯახით არ დაერია პარაზიტებს, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებს ვერ გადაიტანს. სისტემური ურჩხული, რომელიც მის წიაღშივე ჩამოყალიბდა, მასვე გაანადგურებს. “კოლექტიური მურუსიძე” მეტასტაზებივით მოედო ყველა სფეროს. მათგან ყველაზე სახიფათო კორუფციული გამოვლინებაა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ელიტაზე ინტერესჯგუფების დომინირების სიმპტომები...”

 

“ჩვენ ვერაფრით გამოვედით გარდამავალი პერიოდიდან, რომლის დროსაც მუდმივად ჩნდება კონფლიქტი: ფული მუშაობს პოლიტიკაზე თუ პოლიტიკა ფულზე. სააკაშვილმა ისე მოახერხა, რომ ფულს პოლიტიკაზე ერთი სალაროს პრინციპით ამუშავებდა - ანუ იყო პოლიტიკური ვერტიკალი და მის სალაროში იქაჩებოდა ყველაფერი. დღეს კი პოლიტიკამ დაიწყო ფულზე მუშაობა და სხვადასხვა ინტერესჯგუფი პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ შეფუთონ მათი ინტერესები. ის პირველიც უბედურებაა, მაგრამ ეს მეორე კიდევ უფრო სახიფათოა. რატომ? _ იმიტომ, რომ რაღაც ეტაპზე იკარგება კონტროლი და კორუფციის სენი მთლიანად ძირავს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას აცლის საფუძველს. ოქუაშვილის საქმე იმით კი არ არის საინტერესო, ვინ მართალია და ვინ მტყუანი - ჩემი აზრით, ამ საქმეში ყველა მტყუანი და დამნაშავეა, ოქუაშვილის ჩათვლით - ეს საქმე იმით არის საინტერესო, რომ ეს არის ბოლო ზარი იმის გასარკვევად, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი, ვინ კარნახობს თამაშის წესებს - პოლიტიკური ელიტა თუ ინტერესთა ჯგუფები”- დაასკვნის გია ხუხაშვილი.

 

“რატომ მაქვს იმედი, რომ გამოსავლის პოვნა კიდევ შესაძლებელია? - საქმე ის არის, რომ ეს ინტერესთა ჯგუფები განსაკუთრებულ კომფორტში არიან, რადგან როცა რაღაცებს ჩალიჩობენ, დიდწილად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს იყენებენ ისე, რომ მან არაფერი იცის... იწყობენ საკუთარ კეთილდღეობას, ყველაფერში კი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია. ეს არ ხდება მხოლოდ ბიზნესინტერესების თვალსაზრისით, იგივე ხდება პოლიტიკაშიც. გინახავთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ან ბიზნესელიტა გადაფარებოდა ოდესმე ბიძინა ივანიშვილს, დაეცვა მისი სახელი, თუ არ ჩავთვლით რაღაც ოდიოზურ განცხადებებს? არა, იმიტომ, რომ ამ პარაზიტულმა სისტემამ კომფორტი იგრძნო, თვითონ სახლობანას თამაშობენ, ფულსაც შოულობენ, თანამდებობებზეც არიან, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებენ... ყველაფერზე პასუხისმგებელი ხომ ბიძინა ივანიშვილია, რაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახოს ივანიშვილმა. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტინქტმა უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ ამ ძალიან მანკიერ ვითარებას წერტილი დაუსვას! ჩემთვის ფანტასტიკის სფეროა ის, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს რაიმე ინტერესი ამ საქმეებში, რადგან ვიცნობ მას, ვიცი მისი მასშტაბი და შეხედულებები. დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერესი აქ არ არსებობს, თუმცა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ გავლენიანი ჯგუფები ხშირად ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებენ და ის არაფერ შუაშია, საქმე საქმეზე თუ მიდგა, ყველაფერს მას გადააბრალებენ. ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს გადამწყვეტი მომენტია, მან ან ახლა უნდა აჩვენოს, რომ არ არის ამ მანკიერების თანამონაწილე და ეს უნდა გააკეთოს მაქსიმალურად აგრესიული მეთოდებით, ან საბოლოოდ მოაწეროს ამ სიბინძურეზე ხელი”, - განმარტავს ექსპერტი.

 

“ივანიშვილს უკვე შევთავაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - კარგი იქნებოდა, ჩამოეყალიბებინა სისტემური ინსტიტუტი - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ამ ყველაფერს. ეს იქნება მისი პოლიტიკური ალიბი, რომ ეს არ ხდება მისი ხელდასხმით. მას აქვს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური ნება აჩვენოს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მას ახლა პრობლემა მხოლოდ საქართველოში არა აქვს, მას პრობლემა აქვს იმ დასავლურ სამყაროსთან, რომლისკენაც მივდივართ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოქუაშვილის საქმის ამ უხეირო შეფუთვას ნამდვილად არ “ჭამენ”. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რა იქნება მაშინ, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა წავა ხელისუფლებიდან, ეს სისტემა ხომ ყველაფერს მას დააბრალებს. ყველა იმას იტყვის, ჩვენ პატარა კაცები ვიყავით და რასაც ვაკეთებდით, ბიძინა გვავალებდაო. ამიტომაც მის სასიცოცხლო ინტერესებშია აღკვეთოს ეს ყველაფერი დროულად... მურუსიძე, ფარცხალაძე და სხვები, რომლებიც, სავარაუდოდ, მართლაც ალაგებდნენ და ალაგებენ საქმეებს და ბევრი რამ იციან, არ არის გამორიცხული, თავს სწორედ შანტაჟით იცავდნენ... თუ მათ დაუპირისპირდებიან, კომპრომატებს, ალბათ, გამოააშკარავებენ, რაც დამაზიანებელი იქნება პოლიტიკური ელიტისთვის. თუ ეს დეგრადაციის პროცესი არ შეჩერდა, ამაზე გაცილებით მძიმე შედეგებით დაასრულებს "ქართული ოცნება", ამიტომაც ივანიშვილი უნდა წავიდეს ამ რისკზე”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

 

წყარო: კვირის პალიტრა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge