Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:28 03.10.2018
ექვსი ქართველი მოყვარული მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბაზაძე ადასტურებს, რომ 6 ქართველი მოყვარული მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა. როგორც sportall.ge წერს, აღნიშნულის გამო საერთაშორისო ფედერაციის მიერ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას 5000 ფრანკის ოდენობით სანქციები დაუწესდა.

 

„მოყვარულმა სპორტსმენებმა მიმართეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, რომ უნდოდათ ისრაელში წასვლა და ადგილობრივ ნაკრებთან ერთად საწვრთნელი შეკრების ჩატარება. საქართველოს ფედერაციამ მიმართა ისრაელის ფარიკაობის ფედერაციას, რომ გამოეგზავნათ მოწვევა, რაზეც დასტური მივიღეთ. ისრაელის ფარიკაობის ფედერაცია საქმის კურსში იყო, რომ მოყვარული სპორტსმენები ჩადიოდნენ. 6 მოყვარული მოფარიკავე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივან დავით სახვაძესთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში. გამოვიდა ისე, რომ სპორტსმენები დარჩნენ, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკან დაბრუნდნენ“, - განაცხადა მერაბ ბაზაძემ.

 

მისი თქმით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების გარდა, აღნიშნული ფაქტის გამო, ზაზა მჭედლიძე და დავით სახვაძე გარკვეული დროით დისკვალიფიცირებულები არიან. ამ ინციდენტის შემდეგ ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე 2018 წლის 5 სექტემბერს ფედერაციაში გამართული საგანგებო ყრილობის შემდეგ გადადგნენ, ხოლო ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებზე ბაზაძე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge