Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:50 29.09.2018
ყველაზე ერთგული და მოღალატე ზოდიაქოს ნიშნები

25 სექტემბერს გადაცემაში „ასტრომაგია” სოფია ბზეკალავამ პარტნიორულ ურთიერთობაზე და ზოდიაქოს ნიშნების განქორწინებისკენ მიდრეკილებაზე ისაუბრა, დეტალურად განიხილა რომელ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის სწრაფად შეჩვევა, სამუდამო ერთგულება და რომლისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლება და მრავალფეროვნებაა.

მართალია, მენტალიტეტით, ფსიქოლოგიური და აზროვნების თავისებურებებით ზოდიაქოს ნიშნები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ არსებობს ასტროლოგიური თავსებადობა, როცა წყვილები წლების მანძილზე ინარჩუნებენ ერთგულებას და ჰარმონიულ ურთიერთობას, რაც პირველ რიგში ორი მონათესავე სტიქიის დაკავშირებითაა განპირობებული.

ზოგადად, ზოდიაქოს ყველა ნიშანს საკუთარი სტიქია შეესაბამაბება, მონათესავეებად კი, მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) და წყლის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები), ცეცხლის (ლომი, ვერძი, მშვილდოსანი) და ჰაერის (ტყუპები, სასწორი, მერწყული) სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები ითვლებიან, რომლებიც ყოველთვის  სწრაფად უგებენ ერთმანეთს და ადვილად პოულობენ საერთო ენას, რადგან მსგავსი ტემპერამენტი, შეხედულებები და სურვილები აქვთ. გამომდინარე აქედან, თუ ცნობილია ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი, ზუსტად შეიძლება მისი ხასიათის თავისებურებების, სურვილების, მისწრაფებების განსაზღვრა და მასთან ურთიერთობის მარტივად აწყობა.

ასტროლოგიური სტატისტიკის თანახმად, განქორწინებისკენ და მრავალჯერ ქორწინებისკენ ყველაზე მეტად მშვილდოსანია მიდრეკილი, განსაკუთრებული ერთგულებით კი, სტაბილურიკურო ხასიათდება.

მშვილდოსანი – მართალია, ზედმეტად იდეალისტ მერწყულს ხშირად და აუცილებლად გულწრფელად უყვარდება ყოველი ახალი პარტნიორი, მაგრამ იმედიც სწრაფად უცრუვდება და თუ აღმოაჩინა, რომ რჩეული აღარ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, დაუფიქრებლად შორდება და ახლის ძიებასაც მოურიდებლად იწყებს. რა თქმა უნდა, მერწული მუდმივად ნამდვილ და ერთადერთ სიყვარულს ეძებს, მაგრამ ასეთი “ერთადერთი” მის ცხოვრებაში ხშირად ძალიან ბევრია. გამომდინარე აქედან, ცვალებადი მშვილდოსანი, რომელიც ბუნებით მონადირეა (მისი სიმბოლო კი, მშვილდისრით შეიარაღებული კენტავრია), ყველაზე მარტივად, გულდაწყვეტის გარეშე შორდება პარტნიორს და მარტივად ებმება ერთი  ურთიერთობიდან მეორეში, რადგან ახალი ადამიანების აღმოჩენა და მათი მონადირება მისი საყვარელი საქმიანობაა.

ტყუპები – კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ვერასდროს დაიკვეხნის განსაკუთრებული ერთგულებით, მშვილდოსნის მსგავსი მუტაბელური ანუ ცვალებადი ტყუპებია, რომლის ყველაზე დიდი მტერი რუტინაა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ როცა  ურთიერთობა ერთფეროვან ყოველდღიურობაში გადადის, ზოდიაქოს ამ ნიშანს მოწყენილობა იპყრობს, სწრაფად კარგავს ინტერესს და განქორწინებაზე, ხშირედ მეორედ ქორწინებაზე იწყებს ფიქრს. აღსანიშნავია, რომ სიახლეების მოყვარულ ტყუპებს, რომელთაც მუდმივად მრავალფეროვნება სჭირდებათ, არ ახასიათებთ დეპრესია და ხანგრძლივი განცდა, ყოველთვის სწრაფად ივიწყებენ ძველ პარტნიორს და სიამოვნებით აბამენ რომანს ახალთან. ზოგადად, ტყუპებს დაწყებული საქმეების შუა გზაზე მიტოვება ახასიათებთ, რაც მათ მთავარ ნაკლადაც შეიძლება ჩაითვალოს, ამიტომ პირად ურთიერთობაში მხოლოდ ის პარტნიორი გამოადგებათ, რომელიც მრავალფეროვნებით გააკვირვებს და ინტელექტუალურადაც ყოველთვის საინტერესო იქნება. სხვათაშორის, ერთი შეხედვით რთული ტყუპები, სინამდვილეში ძალიან მსუბუქები არიან, რადგან არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ, არავის აბეზრებენ თავს საკუთარი პრობლემებით და მათთან ყოველთვის კომფორტულია ურთიერთობა.

მერწყული – განქორწინებისკენაა მიდრეკილი მერწყულიც, თუმცა სხვებისგან განსხვავებით ზოდიაქოს ამ ნიშანს ზოგადად ქორწინება არ მოსწონს, რადგან უმთავრესი მისთვის პირადი თავისუფლებაა, განქორწინების მიზეზი კი, სწორედ პარტნიორის მხრიდან შეზღუდვა ხდება, როცა არჩევანის წინაშე აღმოჩენილი მერწყული საყვარელ ადამიანზე უფრო სწრაფად ამბობს უარს, ვიდრე საკუთარ თავისუფლებაზე. სხვათაშორის, მერწყული, რომელსაც ძალიან არ უყვარს სტერეოტიპები და კლიშეები, ყოველთვის სამოქალაქო ქორწინებას ანიჭებს უპირატესობას და არასდროს ითრგუნება ზედმეტი პასუხისმგებლობით და ვალდებულებებით. ასე რომ, თუ ქარიზმატულ და ექსპერიმენტების მოყვარულ მერწყულთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მიეცით მას სასურველი თავისუფლება, მოიპოვეთ მისი ნდობა, განაწყვეთ მეგობრულად და დარწმუნებული იყავით, რომ ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.

თევზები – მეტ-ნაკლებადაა მიდრეკილი განქორწინებისკენ  ცვალებადი თევზებიც, რომელიც კირჩხიბის და მორიელის მსგავსად, ზედმეტად ემოციური ზოდიაქოს ნიშანია. თევზებს, რომლისთვისაც უმთვარესი პარტნიორთან ემოციური თანხვედრა, მხოლოდ ის ადამიანი სჭირდება გვერდით, რომელიც მის შევსებას შეძლებს. სხვათაშორის, თევზები ღალატსაც თავისებურ ახსნას უძებნიან, რადგან ზედმეტად ხათრიანები ვერაფრით აკეთებენ არჩევანს პარტნიორებს შორის. აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონი ყოველთვის თავგანწირული პარტნიორია, რომელსაც წლობით შეუძლია  მხოლოდ სიბრალულით და სიყვარულის გარეშე მეუღლესთან ცხოვრება, რადგან ერთის მხრივ, თვლის, რომ ვალდებულია თავი გაწიროს პარტნიორისთვის, მეორეს მხრივ კი, სითამამე აკლია, რათა ოჯახურ ცხოვრებას შეჩვეულმა დამოუკიდებლად გაბედოს ცხოვრება.

ვერძი – არ ერიდება განქორწინებას არც იმპულსური ვერძი, რომელიც ჯერ მოქმედებს და მხოლოდ შემდეგ ფიქრობს. ზოგადად, ვერძი ყოველთვის ემოციებსაა აყოლილი, უყვარს რისკი, გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება და თუ პროფესიულ ცხოვრებაში მეტწილად უმართლებს, პირად ურთიერთობაში ნაკლებად იღბლიანია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწრაფად ქმნის ოჯახს და სწრაფდვე ანგრევს, რადგან ფიცხს და აგრესიულს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ყველაფრის განადგურება, არ უყვარს წარსულით ცხოვრება, მუდმივად მომავალზეა ორიენტირებული და ყოველთვის  მზადაა ახლის დასაწყებად. ვერძს ხშირი კამათი და კონფლიქტები ახასიათებს, რადგან საკმაოდ რთული ზოდიაქოს ნიშანია, საკუთარი, საკმაოდ აქტიური ცხოვრების რიტმი აქვს, რომელსაც ყველა ვერ ეგუება. საუკეთესო პარტნიორი მისთვის მშვილდოსნის ან ლომის ნიშნით დაბადებული ძლიერი და შემდგარი პიროვნებაა, რომელთანაც მართალია ხშირად იკამათებს, მაგრამ ყოველთვის შეურიგდება. ამასთანავე, სწორედ მშვილდოსანთან და ლომთან შეუძლია ვერძს შვილების ფანტასტიკურ გარემოში, იდეალურად აღზრდა.

ლომი – განქორწინებისკენაა მიდრეკილი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ლომიც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ეგოისტ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება და ყოველთვის საკუთარ თავზეა ორიენტირებული, პარტნიორის უყურადღებობის შემთხვევაში კი, სწრაფად იწყებს მისი შემცვლელის ძებნას, ვისგანაც მეტ სითბოსა და ყურადღებას მიიღებს. სხვათაშორის,  მამაკაცები უფრო ხშირად ანგრევენ ოჯახს, ვიდრე ქალბატონები, რადგან შეყვარებული ლომის მართვა, რომლისთვისაც სიყვარული ცხოვრების ელექსირია, პრაქტიკულად შეუძლებელია. სიყვარულით გაბედნიერებული ლომი საოცრად თავგანწირულია და  ნებისმიერ “გმირობაზეც” თავისუფლად მიდის. ასე რომ, თუ არასდროს მოაკლებთ საყვარელ ლომს ყურადღებას, მზრუნველობას და მუდმივად შეძლებთ მის წახალისებას, ამაყი ლომიც ყოველთვის თქვენი ერთგული იქნება.

კურო – გაწონასწორებული კურო, რომლისთვისაც უმთავრესი მომავლის პროგნოზირებაა, ამიტომ ყველგან სტაბილურობას და სიმშვიდეს ეძებს, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც არც მძაფრ შეგრძნებეს ეძებს, არც სასიყვარულო თავგადასავლებით ინტერესდება და თუ პარტნიორი სტაბილურ გარემოსთან ერთად გემრიელი საკვებითაც სისტემატურად მოამარაგებს, ბუნებით ზარმაცი კუროც სამუდამოდ მისი ერთგული იქნება, მით უფრო, რომ ქალბატონიც და მამაკაციც საუკეთესო მეოჯახეა და ყოველთვის თავგამოდებით ზრუნავს ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე, რადგან მისთვის სწორედ ფინანსური სტაბილურობაა უმნიშვნელოვანესი და მართალია, არასდროს ცდილობს ქონების მოხვეჭას, მაგრამ ყოველთვის პრაქტიკულსა და წინდახედულს არც მატერიალური პრობლემები აწუხებს, მის საუკეთესო თვისებად კი, რა თქმა უნდა, ერთგულება ითვლება, რადგან ერთის მხრივ, ნაკლებად იტაცებს ავანტურული თავგადასავლები, მეორეს მხრივ კი, სწრაფად და დიდი ხნით ეჩვევა პარტნიორს.

კირჩხიბი – კუროს მსგავსად, კირჩხიბიც საოცარი მეოჯახეა. მთავარია ემოციურ თანხვედრაში იყოს პარტნიორთან და ისეთი ადამიანი ჰყავდეს გვერდით, რომელიც არც სითბოს მოაკლებს, არც ყურადღებას, რადგან განურჩევლად სქესისა, კირჩხიბი თვითონაც ძალიან მზრუნველია, უყვარს შვილები და ყოველთვის კარგი მშობელია. თუმცა, თუ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, შეუძლია გაიბუტოს, გაუცხოვდეს და განქორწინებაზეც სერიოზულად დაფიქრდეს.

თხის რქა – ასტროლოგების აზრით, კუროს მსგავსად თხის რქაც ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია, რადგან ზოგადად ერთგული ზოდიაქოს ნიშანია, როგორც საქმეში, ისე პირად ურთიერთობაში. ჩვეულებრივ, თხის რქა გვიან, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ ქორწინდება და მართალია, ძალიან უჭირს სერიოზული ნაბიჯის გადადგმა და ოჯახის შექმნა, მაგრამ თუ მიიღო გადაწყვიტილება, აუცილებლად ერთგული და ძალიან მომთხოვნი მეუღლე იქნება. რა თქმა უნდა, რთულია პრინციპული თხის რქის პარტნიორობა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ნდობა და მისი იმედის ქონა.

მორიელი – ერთგულებით გამოირჩევა მორიელიც, რომლისთვისაც უმთავრესი სტაბილური ურთიერთობა, მყარი ოჯახია და ყოველთვის თავგამოდებით იცავს შინაურებს, რადგან სწორედ ოჯახური გარემოა მისი საუკეთესო თავშესაფარი. თუმცა, მორიელი არც განქორწინებას უფრთხის, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშანს ზოგადად ახასიათებს უკიდურესობაში გადავარდნა და ან საოცრად ერთგულია, ან პირიქით, დაუფიქრებლად ღალატობს, უყვარს ყველაფრის ზედმეტად დრამატიზირება, ფორს-მაჟორული სიტუაცია და მძაფრი შეგრძნებები, თუმცა, თუ პარტნიორი მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებს და ემოციურ შტურმს, პერიოდულ აფეთქებებს გაუძლებს, მაშინ ისიც ერთგული იქნება. სხვათაშორის, მორიელისთვის მთავარი ინტიმური ურთიერთობა და თუ პარტნიორში მუდმივი ვნება ვერ დაინახა, მოურიდებლად მოძებნის მის შემცვლელს. აღსანიშნავია, რომ სხვებთან შედარებით მორიელს ყველაზე გულწრფელად, მთელი გულით შეუძლია შეყვარება და დიდხანს ვერ ივიწყებს საყვარელ ადამიანს, მით უფრო, თუ დაშორების ინიციატორი პარტნიორია, რადგან მორიელი მესაკუთრე, საშინლად ეჭვიანი დიქტატორია და ძალიან არ უყვარს ადამიანებზე კონტროლის დაკარგვა, ამასთანავე საოცრად შურისმაძიებელი, განქორწინების შემთხვევაში აუცილებლად სერიოზულ ომში ებმება მეუღლესთან და კონფლიქტში არც შვილების ჩათრევას, მანიპულირებას ერიდება.

სასწორი – პარტნიორული ურთიერთობისთვის დაბადებული სასწორისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია მარტო ცხოვრება, ამიტომ ხშირად სიყვარულის გარეშე ქმნის ოჯახს, რადგან მისთვის მთავარი მარტოობისგან თავის დაღწევაა. რომანტიკული სასწორი, რომელიც ყოველთვის ლამაზად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს, განსაკუთრებით კარგი მეუღლეა, რადგან უპრობლემოდ ერგება მეორე ნახევარს და ყოველთვის მის სიამოვნებაზე ფიქრობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონი, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს სილამაზეს და ქალურ გრაციას, სითბოს და სინაზეს, ყველა მამაკაცის ოცნებაა, თუმცა გარეგნული სისადავის მიუხედავად, ქალ-სასწორს საკმაოდ ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვს, კარგი მეგობარი, საიმედო საყრდენია და ყოველთვის თავგამოდებით ეხმარება პარტნიორს მწვერვალების დაპყრობაში.

ქალწული – ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა სწორედ ქალწულის ნიშნით იბადება, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნებს ახასიათებთ ზედმეტი პრეტენზიები და მუდმივი ორჭოფობა. სხვათაშორის, ქალწული არა მხოლოდ პირად ურთიერთობაში, არამედ ზოგადად პერფექციონისტია, რომელიც ყველა დეტალს აკვირდება და ყველაფერში საუკეთესოს, იდეალურს ეძებს. თუმცა, თუ დაქორწინება გადაწყვიტა, არაჩვეულებრივი მეუღლე იქნება, რადგან ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ, საიმედო პარტნიორად ითვლება, რომელიც არასდროს ამბობს უარს დახმარებაზე. მამაკაცი სიამოვნებით ეხმარება მეუღლეს საოჯახო საქმეებში და ბავშვების აღზრდაში, ქალბატონი კი, ხელს უწყობს მეორე ნახევრს პროფესიულ საქმიანობაში. ქალწულის მთავარი მახასიათებელი – მისი პრაქტიკულობაა, ძალიან არ უყვარს ფინანსების ფუჭად ხარჯვა და თუ ფულის ფლანგვა გიყვართ, მაშინ ძალიან გაგიჭირდებათ ქალწულთან ურთიერთობა, რომელიც მუდმვად ეცდება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თქვენი ბიუჯეტის დაგეგმვას და გაკონტროლებას.

ავტორ(ებ)ი : http://fortuna.ge