Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:30 28.09.2018
ჭიათურის თეატრის საფესტივალო შემოდგომა

 

2018 წლის სექტემბერი შემოქმედებითად დატვირთულია ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის. 124-ე თეატრალური სეზონის გახსნამდე, ჭიათურის თეატრი ორ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. 28 სექტემბეტს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წარმოადგენს სპექტაკლს „მოუხელთებელი“. ცნობილი ინგლისელი კომედიოგრაფის რეი კუნის პიესა გადმოაქართულა თამაზ გოდერძიშვილმა, დადგმის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა ცერცვაძე.


როგორც "ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, იგივე წარმოდგენით თეატრი მონაწილეობას მიიღებს ოვანეს თუმანიანის 150 წლისთავისადმი მიღძვნილ ფესტივალში. ჭიათურის თეატრის დასი ამ დადგმას სომხეთში 2018 წლის 30 სექტემბერს 19:00 საათზე (გა)ითამაშებს.

 

საფესტივალო წარმოდგენის შესახებ


ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთ-ერთი ძველი თეატრია საქართველოში. თავისი რეპერტუარიდან საფესტივალოდ წელს თეატრმა შეარჩია რეი კუნის პიესის Run for Your Wife გადმოქართულებული ვერსია. ეს ის პიესაა, რითაც ცნობილმა ინგლისელმა დრამატურგმა გაითქვა სახელი და 1983 წლიდან მოყოლებული არაერთი თეატრის სცენაზე წარმატებით განხორციელდა. თამაზ გოდერძიშვილის მიერ გადმოქართულებუ და მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული წარმოდგენის სცენოგრაფია ბარბარა ასლამაზაშვილი, რეჟისორის თანაშემწეა მარინა პაპუშვილი. მოქმედი პირნი და შემსრულებელნი არიან:  თამარ ჯაჯანაშვილი, ხატია ბრაჭული, გია კენჭოშვილი, ამირან ნასყიდაშვილი, ანზორ ცაბაძე, გიორგი ჩაჩანიძე, თემურ ფირცხალაიშვილი, არჩილ ხვედელიძე.


წარმოდგენა ორმოქმედებიანია და გრძელდება  120 წუთი.

 

სპექტაკლის მოკლე ანოტაცია


წარმოდგენის მთავარი გმირია ტაქსისტი, რომელსაც ერთდროულად ორ ცოლი ჰყავს და მათი მონახულების გრაფიკიც მკაცრად აქვს დაცული. 


მდგომარეობა გამოუვალი ხდება მას შემდეგ, რაც მთავარი გმირი მოხუცებულ ქალს ხულიგნებისგან იხსნის, მათთან ჩხუბის შედეგად მოხვდება საავადმყოფოში, საიდანაც გამოწერილი აღმოაჩენს, რომ გრაფიკი აერია და ახლა, წესით, მეორე ცოლთან უნდა იყოს.


როგორ დააღწევს თავს მოუხელთებელი პერსონაჟი ჩახლართულ და რთულად გამოსასწორებელ სიტუაციას, ასევე, გამომძიებლის, ჟურნალისტების, მეგობარ-მეზობლებისა თუ ცოლების ზეწოლას, ამას მაყურებელი იუმორით სავსე დიალოგებით გაჯერებული კომიკური სცენების ნახვისას შეიტყობს.  

 

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შესახებ


XIX საუკუნის ბოლოს, ქართველი საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოში ერთდროულად რამდენიმე თეატრი გაიხსნა. მათ შორის ერთერთი ქალაქ ჭიათურის დრამატული თეატრი იყო, რომელიც 1894 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა.


1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლისაკაკი წერეთლის თანდასწრებით, მისი გახმაურებული პიესაპატარა კახიდაიდგა.


1910 წლიდან მოყოლებული თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა.


თეატრის ,,ოქროს ხანად  არის მიჩნეული XX საუკუნის 20–30–იანი წლები, როდესაც პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით სცენაზე ეროვნული დრამატურგიის პარალელურად, მსოფლიოში ცნობილი დრამატურგების, მაგალითად: უილიამ შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას და სხვათა ნაწარმოებები გაცოცხლდა.


1949 წელს ჭიათურის თეატრმა ბინა დაიდო შენობაში, რომლის მშენებლობაც 1946 წელს, მეორე მსოლფიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. ნაგებობის მონაპოვარია დარბაზის პლაფონის მოხატუბა, რომელიც ქართველ მხატვარს რობერტს სტურუას ეკუთვნის. თეატრის ფასადს მოქანდაკე ვალერიან თოფურიძის მიერ შექმნილი აკაკი წერეთლის სკულპტურული გამოსახულება ამშვენებს.


ჭიათურის თეატრს აკაკი წერეთლის სახელი 1949 წელს მიენიჭა.


XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.


ჭიათურის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები.


ჭიათურის თეატრი თავის გულშემატკივრებს და ერთგულ მაყურებლებს ამჯერად თბილისში, 28 სექტემბერს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში ელოდება.

 

 

 


 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge