Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:08 26.09.2018
გურამ თუშიშვილი ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა

გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. თუშიშვილი ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე იპონით დაამარცხა. გურამ თუშიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია მიმდინარე ტურნირზე, რომელმაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. 23 წლის ძიუდოისტისთვის ეს კარიერაში პირველი ოქროს მედალია მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა მეორე წრეში გოლიათი რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, შემდეგ უკრაინელ იაკივ ხამოს მოუგო. მერე მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა იპონით მოიგო.

ამ გამარჯვებით თუშიშვილმა საქართველოს მესამე მედალი, თუმცა ყველაზე მაღალი სინჯის მოუტანა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ვერცხლის მედალი 25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანმა (100) მოიპოვა, ხოლო ტურნირის სტარტზე ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი აიღო. ამით მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 27 სექტემბერს გუნდური პირველობა დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge