Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:00 24.09.2018
რუსთავის თეატრი ჟიული შარტავას უკანასკნელი დღეების შესახებ სპექტაკლს დგამს

 

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი  51-ე სეზონს პრემიერით გახსნის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე, ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს.


2017-18 წ.წ სეზონის მიწურულს, ქალაქ რუსთავის მერიისა და რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივით, გამოცხადდა დრამატურგთა კონკურსი, მონაწილეებს უნდა წარედგინათ პიესა, რომელიც ასახავს ქართველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანაკნელ დღეებს. საუკეთესო პიესა  კომპეტენტური ჟიურის (თავმჯდომარე: მწერალი, მთარგმნელი, თუმანიშვილის ფონდის დამფუძნებელი, მანანა ანთაძე) მიერ სულ ცოტა ხნის წინ იქნა გამოვლენილი,  გამარჯვებული გახდა მწერალი და დრამატურგი ნინო სადღობელაშვილი, რომელსაც ფულადი ჯილდო გადაეცემა, მისი პიესის სადადგმო ვერსია კი რუსთავის თეატრის რეპერტუარში ახალი სეზონიდან ჩაეშვება.

  

სად რა ვითარებაში იბადებიან გმირები?! რა ვიცით მათ შესახებ და რას ვუყვებით მათზე მომავალ თაობას?!


პიესა ,,დაბადების დღე“ ასახავს საქართველოს უახლესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის - 1993 წლის 27 სექტემბრის ბატალიებს. ამ დღის გმირებად იქცნენ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი 50-მდე თანამებრძოლი, რომლებმაც უკანასკნელ წუთამდე არ დატოვეს მთავრობის შენობა და ამით ასობით მშვიდობიან მოქალაქეს სოხუმიდან გაღწევის საშუალება მისცეს.


პიესა აგებულია აფხაზეთის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობის, ზეპირი ისტორიების საფუძველზე. ნაჩვენებია პროცესი, თუ რა აქცევს ადამიანს გმირად ან მოღალატედ. 


სპექტაკლის სადადგმო ვერსია, თანამედროვეობის ჭრილიდან, ახალი თაობის მიერ დანახული კონფლიქტის არსს გამოხატავს. მთავარი მთხრობელი 26 წლის ბიჭია, ანუ ზუსტად იმ ასაკის, რა ასაკისაც ეს კონფლიქტია. პიესაში ყველა თაობას თავისი სათქმელი აქვს და ეს ქმნის სიმართლის სურვილს.

 

,,მჯერა რომ დრო, ცხოვრება და საქმე აუცილებლად შეგვახვედრებს ერთმანეთს,“ჟიული შარტავა

 

 პირველად ქართული თეატრის სცენაზე, ჩვენ  მოგიყვებით ისტორიას, მე-20 საუკუნის, ეროვნულ გმირზე!

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge