Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:36 21.09.2018
როგორი შანსები აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს ასტროლოგიის მიხედვით

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ექვსი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრობს და fortuna.ge -სთან ერთად გამარჯვების შანსებს მიმოიხილავს. ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, შევხედოთ ასტროლოგის პროგნოზს.

 

ზურა ჯაფარიძე არის თხის რქა, რომლებსაც მაინცდამაინც კარგი პერიოდი არ აქვთ. მის შემთხვევაში, ძალიან ნაკლებ შანსს ვივარაუდებდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ერთმნიშვნელოვნად რთული პერიოდია მისთვის, გამოცდების.

 

სალომე ზურაბიშვილი – მას ყველაზე მეტი შანსი აქვს წარმოდგენილ კანდიდატებს შორის. სალომე ზურაბიშვილი ზოდიაქოს ნიშნით არის თევზები, მაგრამ არატიპური. რადგან თევზები პასიურები არიან ზოგადად, მაგრამ მის ჰოროსკოპში მშვილდოსანი-ვერძი-მორიელი არის ძალიან აქტიური. მისი ხისტი გამონათქვამები და ის, რომ ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს, უფრო მეტად ვერძის თვისებებია. მშვილდოსნის გავლენა კი იმაში იგრძნობა, რომ შელამაზებულად რაიმეს თქმას მწარე სიმართლე ურჩევნია. ეს ნიშნები აძლევს ბრძოლისუნარიანობას, მებრძოლ ხასიათს, რამაც შეიძლება მისცეს გამარჯვების შანსები. პლუს ამას, სალომეს აქვს ძალიან კარგი ტრანზიტი, ანუ პლანეტების განლაგება, რამაც შეიძლება უშველოს. განსაკუთრებით შემოდგომიდან ეწყება ძალიან კარგი პერიოდი ცხოვრებაში.

 

პოლიტიკა კარმულადაც მისი სფეროა. ერთადერთი, რასაც მის ჰოროსკოპში მივაქციე ყურადღება, არის ის, რომ შავი მთვარე ჰყავს კირჩხიბში, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ხალხსა და ქვეყანაში შეიძლება, არ იყოს დაფასებული. მის შემთხვევაში ამას ვხედავთ კიდეც. მისთვის საერთაშორისო პოლიტიკა უკეთესია, რადგან თეთრი მთვარე მერწყულში ჰყავს.

 

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც აქვს გარკვეული შანსები, გრიგოლ ვაშაძეა. ის ზოდიაქოთი კირჩხიბია. საოცრად პატრიოტი ადამიანები არიან, გულწრფელად უყვართ საკუთარი ქვეყანა. გრიგოლ ვაშაძეს ლომისა და ვერძის გავლენა აქვს, თავმოყვარე ადამიანია, აქვს ღირსების შეგრძნება, ეხერხება საჯარო გამოსვლები. არის მამაცი ადამიანი და მებრძოლი, რასაც მის ჰოროსკოპში ვხედავ. არ არის ტიპური კირჩხიბი, აქვს ცეცხლოვანი გავლენები, რაც ძალიან კარგია. მასაც აქვს რეალური შანსი, გახდეს პრეზიდენტი. მისგან შესაძლოა, დადგეს კარგი პრეზიდენტი.

 

დათო უსუფაშვილი თევზებია, მაგრამ ამ ეტაპზე მაინცდამაინც ბევრი შანსი არ აქვს.

 

დავით ბაქრაძე არის კირჩხიბი, მაგრამ ვეჭვობ, მასაც ნაკლები შანსი აქვს, რადგან აქ ტრანზიტის პრობლემა დგას. მას ძალიან რთული პერიოდი ეწყება. წლის ბოლოდან ორი წელი მისთვის გარდამტეხი და კრიზისული იქნება. ძალიან მინიმალური შანსები აქვს, მაგრამ პრეზიდენტობა მისთვის რთული იქნებოდა. სხვათა შორის, ბაქრაძეც ცეცხლოვანი კირჩხიბია, ამაყი და შემტევი ადამიანია. ლომის ბევრი თვისება აქვს.

 

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მას ნაკლები შანსი აქვს. ის მერწყულია და ამ ეტაპზე არ აქვს გამარჯვების შანსი. მას წელს შეეძლო წარმატების მიღწევა, მაგრამ წლის ბოლოდან ამას ვეღარ ვიტყოდი, სხვა პერიოდი ეწყება.

 

ჩემი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე კარგი იქნებოდა პრეზიდენტი თხის რქის ან მორიელის ზოდიაქოს ნიშნით, ოღონდ დაბალანსებული.

ავტორ(ებ)ი : fortuna.ge