Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:05 14.09.2018
ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ფარულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არიან დაბარებული

საქართველოს მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს 17 სექტემბერს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს.

როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ფარულ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით გამოკითხვაზე არიან დაბარებული.

„რაც შეეხება დღევანდელ ჩანაწერს, რა თქმა უნდა გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან. რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

„კურიერმა“ დღეს „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

„ლევან ყიფიანი - ესე იგი ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის რო, კიდე გამიმეორა მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო ის დარჩაო... რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო...ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.

ზაზა ოქუაშვილი - ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.

ლევან ყიფიანი - ხო

ზაზა ოქუაშვილი - მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?...

ლევან ყიფიანი - ფული უნდა გავანაწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...

ზაზა ოქუაშვილი - ვინ არის ეს ანზორი ესე იგი თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.

ლევან ყიფიანი - რომელიც გვბალეშიკობს ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო...ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა ისა... რა. მინისტრია რა.

ზაზა ოქუაშვილი - მინისტრია.

ლევან ყიფიანი - მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია“, - ნათქვამია „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge