Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:38 14.09.2018
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს

საქართველოს მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ რესურსებს მიწოდებას განახორციელებს როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორი.

„ჩვენ ასევე ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს თავის მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2018-2023 წლებში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც ჩვენს საგანმათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან.

„2019 წლის შემოდგომაზე ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. სწორედ განათლება გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ 10-11%-იანი წილი.

21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ის არ დაეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს საქართველოში ისეთი ადამიანური კაპიტალის, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც ქვეყანას შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების ქვეყანათა რიცხვში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge