Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:06 14.09.2018
კვლევის საგანგაშო შედეგები - რა დასკვნა გამოქვეყნდა თბილისის ჰაერში ტყვიის შემცველობაზე

მაშინ როცა საკუთარ ორგანიზმში ტყვია საქართველოში უკვე არაერთმა ადამიანმა აღმოაჩინა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ ტყვიის კვალს თბილისის ჰაერის მტვერში მიაგნო. ატმოსფერული ჰაერის ნიმუშების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედაქალაქში ტყვია დასაშვები კონცენტრაციის მაქსიმუმს (0.3 მკგ/მ3) აღწევს და ზოგან აღემატება კიდეც (მინიმუმ 0.1 მკგ/მ3 და მაქსიმუმ 0.6მკგ/მ3). ვინაიდან ტყვია ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ძნელად გამოდის გარეთ, ის დაგროვებას იწყებს და ყოველი შესუნთქვის დროს დამატებითი რაოდენობა კონცენტრირდება.ამიტომ ეს მაჩვენებელი უკვე დამაფიქრებელია. „ეკოხედვამ“ საქართველოში პირველად გაზომა ტყვია და კადმიუმი მტვრის ნაწილაკებში. ეს კვლევა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ჩაატარა. ის მცირე მასშტაბის იყო და ივნის-ივლისის თვეში განხორციელდა, თუმცა დასკვნების გაკეთების საშუალებას მაინც იძლევა. კვლევის არეალში მოხვდა გმირთა მოედანი, ლისის ტბა, ვაკის პარკი და ორი მშენებლობა დიღმის მასივსა და დიდ დიღომში. 

 

როგორც აღმოჩნდა, ტყვიით ყველაზე მეტად მშენებლობების ირგვლივაა ჰაერი დაბინძურებული, ლისის ტბასა და ვაკის პარკში კი რეკრეაციული ზონისთვის შესაფერისი ჰაერი დაფიქსირდა. რაც შეეხება გმირთა მოედანს, აქ სამუშაო დღეებში, როცა ესტაკადაზე ავტომობილების რაოდენობა მეტი იყო, მაქსიმალურ დონეს უახლოვდებოდა ტყვიის შემცველობა და ზღვარს სცდებოდა აზოტის დიოქსიდი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აზოტის დიოქსიდიც საკმაოდ ტოქსიკური აირია, რომელიც ასუსტებს ფილტვების ფუნქციონირებას და განსაკუთრებით საზიანოა ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის. ამ მავნე აირის დონეს თბილისში გარემოს ეროვნული სააგენტოც ხშირად ამოწმებს.

 

თბილისის ჰაერში ტყვიის შემცველობას ცალკეულ უბნებში 2008 წლიდან ზომავს გარემოს ეროვნული სააგენტო, თუმცა საგანგაშო მაჩვენებელი ჯერ არ დაფიქსირებულა. პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ჰაერში ტყვიის შემცველობის დასაშვები კონცენტრაციის ზღვარი, შეიძლება რამდენიმენაირი იყოს, რადგან განსხვავდება ზღვრული მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, აშშ-ში ის განისაზღვრება 0,15-ით, საქართველოში კი დღე-ღამეში ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია 0,3-ია. კვლევაში თბილისის მაჩვენებელი 0.1-0,7-იყო, რაც მცირედით აღემატება ადგილობრივ სტანდარტს, მაგრამ სხვა ქვეყნის სტანდარტებთან შედარებით ის შეიძლება მაღალ მაჩვენებლად ჩაითვალოს.

 

გარდა ამისა, ღირს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ „ეკოხედვის“ კვლევა ზაფხულში ჩატარდა, როცა ავტომობილების რაოდენობა იმდენი არ იყო, რამდენიც წელიწადის სხვა დროს. მასზე მომუშავე ექსპერტებმა კი ამ კვლევის შედეგად ისიც დაასკვნეს, რომ თბილისის ჰაერი უფრო მასშტაბურ, რამდენიმეწლიან შესწავლას საჭიროებს. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. მათ ორგანიზმში ეს მავნე კანცეროგენი სხვა გზებითაც შეიძლება ხვდებოდეს, მაგალითად, სათამაშოებიდან, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოდის. აღსანიშნავია, რომ სათამაშოების ხარისხის კონტროლი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაცაა. სახელმწიფო ამ დირექტივის შესრულებას 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყებს, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ. მანამდე კი სახალხო დამცველის ანგარიში ასეთ სურათს იძლევა: 2-5 წლის პაციენტების 33%-ის სისხლი ტყვიით არის დამძიმებული. ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობაზე ვრცელი კვლევა საქართველოში ჯერ არ არსებობს. გაეროს ბავშვთა ფონდი 2018 წლის სექტემბერში იწყებს კლასტერულ კვლევას, რომელმაც ტყვიით მოწამვლის მასშტაბები და სიმძიმე უნდა შეაფასოს. 

 

 


რადიო თავისუფლება


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge