Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:38 13.09.2018
ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული

ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა 14 სექტემბერს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. თანამდებობა დატოვა ვიცე-მერმა გია გულორდავამ. „სახსრების ტკივილი დამეწყო და საცხოვრებლად აღმოსავლეთში მივდივარ - ეს განცხადება, ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ გააკეთა. გულორდავამ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. ზუგდიდის ვიცე-მერის კომენტარს გამოცემა stv.ge ავრცელებს. 

 

“მე მართლაც დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ და შეგიძლიათ ამის შესახებ მერიის პრესცენტრს მიმართოთ, თუმცა გეტყვით, სახსრების ტკივილი დამეწყო ამ ნესტიან ჰაერში და გადავწყვიტე საცხოვრებლად აღმოსავლეთ საქართველოში წავიდე”, - აცხადებს გია გულორდავა. კითხვაზე, იცნობს თუ არა ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას და სმენია თუ არა მასთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე, გია გულორდავამ განაცხადა: “ძალიან გთხოვთ, ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ. არ მსმენია და არც ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი, თუმცა გიდასტურებთ, რომ ბიზნესმენ ზურაბ კვირტიას ახლოს ვიცნობ და მქონდა მასთან ურთიერთობა” - აცხადებს გია გულორდავა. თანამდებობის პირთა გადადგომა სავარაუდოდ სკანდალურმა აუდიო-ჩანაწერს უკავშირდება, სადაც კორუფციულ გარიგებებზეა საუბარი. აუდიოჩანაწერი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, ზურაბ კვირტიამ გააკეთა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge