Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:30 11.09.2018
"ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება"

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში სამხედრო მიმართულების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება: „რაც შეეხება დასავლეთის გაძლიერებას, კონკურენტულ მსოფლიოში, საერთო ღირებულებების დაცვის ქვაკუთხედი სამხედრო ძლიერება უნდა იყოს. ჩემი აზრით, სტრატეგიული შენარჩუნება განახლების გზით უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ნატოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის პოლიტიკის განახლებას. ამ პროცეში აშშ-ის ლიდერობა, წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობისა და თავდაცვითი შესაძლებობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია“. 

 

მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ევროპული სტრატეგიული ავტონომია ევროპის ქვეყნების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს ნატოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედად შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.


ლევან იზორიამ ამ პროცესში სტრატეგიული მზადყოფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში, კონკურენტულ სამყაროში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ადეკვატური პასუხია დასავლეთში ინტეგრაციის შენარჩუნება და გაძლიერება. ეს არის ჩვენი ეროვნული თვითრეალიზაციის პროცესი, არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ სტრატეგიული მზადყოფნის მდგომარეობა. სამხედრო სფეროში ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნის მიზანია ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაძლიერება, რათა ყოველდღე ვიყოთ მზად ნატოში გაწევრიანებისთვის.“

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge