Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:19 10.09.2018
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 

 

მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტრომ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება,  -ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მირზა ჩიჩუას ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება 8 750 ლარის ოდენობით.

 

„თავდაცვის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით აზუსტებს, რომ 2018 წლის 9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება შპს „უნიმედი სამცხეში“ გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურის, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩიჩუას ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს (მარი ახვლედიანს) თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2018 წლის 12 ივლისს გაეწია ფინანსური დახმარება 8 750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით, გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არც დასკვნის გაცემა და არც საქმის გამოძიება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას“, - აცხადებენ უწყებაში.

 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული შემთხვევა, დადგენილი წესების თანახმად არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას, თუმცა თავდაცვის მინისტრმა მირზა ჩიჩუას გარდაცვალებიდან ჯერ კიდევ მესამე დღეს ისარგებლა უფლებამოსილებით და პირადი ინდივიდუალური აქტით, გარდაცვლილის მეუღლეს გაეწია ფინანსური დახმარება.

 

„თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. მხოლოდ 2016 წელს მინისტრის ინდაქტით დახმარება გაეწია 386 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 482 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წელს 515 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 645 ლარის ოდენობით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური, სამედიცინო და ფინანსური კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ 2016 წელს დახმარება გაეწია 241 სამხედრო მოსამსახურეს 1 მილიონ 477 ათას 175 ლარის მოცულობით, ხოლო 2017 წელს ამავე კომისიის მიერ 236 სამხედრო მოსამსახურეს 972 ათას 647 ლარის ოდენობით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge