Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:38 14.08.2018
"ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა"– ანა მიქელაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა, რაც წარმოადგენს მიზანმიმართული გეგმის ნაწილს, დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობა და ცესკოს მაღალი რეპუტაცია, რომელიც ასახულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, ისე უახლეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 



ანა მიქელაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნდობა და კარგი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, გამოწვევად იქნა აღქმული გარკვეული ძალების მხრიდან და საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული მუშაობა მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი გახდა. 



ამასთან, ცესკოს სპიკერმა ხაზი გაუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერებში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის ნაწილიც ანა მიქელაძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. 


„დისკრედიტაციული კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის მიერ გაკეთებული განცხადება ცესკოს მივლინებებთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საერთაშორისო პოზიციონირებისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.


იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტის მიერ მივლინებების რაოდენობა და თანხები შესაბამისად იქნა გაშუქებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მიზანმიმართულად ეცადა აღნიშნული თანხის ხარჯვა არასწორად დაეკავშირებინა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის სახელთან. უფრო მეტიც, მან ტელევიზიით პირდაპირ მოიტყუა - თითქოს თავმჯდომარე წელს მივლინებით იმყოფებოდა კოლუმბიასა და მექსიკაში.


ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, ცალსახად ვაცხადებთ - როგორც ოლქების, ისე ცესკო-ს თანამშრომლების შერჩევისას ცესკო ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო კრიტერიუმებით, პროფესიული გამოცდილებით და არა სხვა რაიმე საფუძვლებით.
ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პირების საარჩევნო საქმიანობას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ სხვადასხვა დამკვირვებელი ორგანიზაციები და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ფაქტი მათი არაპროფესიული ან მიკერძოებული მუშაობის შესახებ არ დაფიქსირებულა”,-განაცხადა ანა მიქელაძემ. 

 


მისივე თქმით, ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის მცდელობა ბოლო არაერთ არჩევნებზე დაფიქსირებულა, თუმცა ამას არ მოუხდენია ზეგავლენა ამომრჩევლის ნდობასა და დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებზე.

 


“საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს და წარმართავს საკუთარ საქმიანობას პროფესიული სტანდარტებით, რათა მოემსახუროს ამომრჩევლებს და მათი ხმა ზუსტად ასახოს არჩევნების შედეგებში”,
-განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge