Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:16 10.08.2018
თურქეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ქართველი ემიგრანტები გასაქცევად ემზადებიან

თურქეთში დევალვაცია და ინფლაცია მძვინვარებს. ლირა მკვეთრად ეცემა, ფასები მაღლა მიიწევს, ქვეყანაში კი ეკონომიკური კრიზისია. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან ის ქართველები, რომლებიც წლების განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ არიან წასულნი. ისინი ამბობენ, რომ თურქეთში დარჩენას აზრი არ აქვს, ამიტომ ქვეყნის დატოვებას და ევროპაში გადაბარგებას აპირებენ. ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობს.



თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს გადაწყვეტილებას თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანასთან დაკავშირებით.



სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილებამ თურქული ექსპორტი, შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს.



თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან წინა კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ამ ნაბიჯს კი წინ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღვოდა.



თურქული ლირა დოლართან მიმართებით მარტო ბოლო 1 თვეში 11%-ით გაუფასურდა, ორშაბათს კი მეზობელი ვალუტა კიდევ 5%-ით დაეცა, რაც ერთ დღეში ყველაზე დიდი გაუფასურება აღმოჩნდა. ამჟმად 1 დოლარი 5.30 ლირის ფარგლებში ღირს.



ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქული ვალუტა თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება და 4.80-დან 5.30-მდე ავიდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია 2018 წლის მონაცემები. 2018 წლის იანვრის დასაწყისში 1 დოლარი მხოლოდ 3,73 ლირას უტოლდებოდა, 7 თვეში კი მან 43%-იანი დევალვაცია განიცადა.



ელვისებურ გაუფასურებას თან სდევს ინფლაციაც, რომელმაც ივლისში 12%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მწარმოებელი ქვეყანაა, სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობისთვის ეს საკმარისი არ არის.



ლირის გაუფასურებამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.



თურქეთში დასაქმებული ის ქართველები, რომლებიც ანაზღაურებას ეროვნულ ვალუტაში იღებენ. შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები აცხადებენ, ნაწილმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა.



„აზრი არ აქვს აქ დარჩენას, ლირა ყოველდღე უფასურდება. რომ ჩამოვედი 1 500 ლირა მქონდა ხელფასი, ეს დაახლოებით 1100 ლარი იყო, ახლა 700 ლარია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნდე“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ თურქეთში დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა.



„გაკუპონებულ ლირაზე მუშაობას აზრი აღარ აქვს. უკვე დავიწყე საბუთების მზადება და სამუშაოდ, ალბათ, იტალიაში გადავალ. სხვა გზა აღარ არის, აქაურ ფულს ძალა აღარ აქვს“, - განაცხადა კიდევ ერთმა ქართველმა.



ლირის გაუფასურება ნაკლებად მძიმედ აისახა იმ დასაქმებულ ქართველებზე, რომლებსაც ხელფასი დოლარში აქვთ, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.

ავტორ(ებ)ი : for.ge