Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:56 07.08.2018
მედვედევი აგვისტოს ომზე: საქართველოს განადგურების მიზანი არ გვქონია

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აგვისტოს ომზე ილაპარაკა. გთავაზობთ მთავარ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან. 

 

"2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი არ იყო გარდაუვალი. რომ არა სააკაშვილის უპასუხისმგებლობა, ამორალური და კრიმინალური ქმედება, არავითარი ომი არ იქნებოდა. მართალია, საქართველოში მაშინ დაძაბულობის მაღალი დონე იყო, თუმცა ეს არ შექმნილა 2008 წელს, არამედ 1991-ში. პრობლემების საფუძველი 1990-იან წლებშია. ათი წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიას უბრალოდ მწვანე შუქი აუნთო. 

 

როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თავიდან სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ამბობდა, რომ მეგობრობის და ურთიერთობის აღდგენის იმედი აქვს, თუმცა შემდეგ მყისიერად გაწყვიტა კავშირი. ვფიქრობ, ეს ქცევის დამუშავებული ხაზი იყო. იმ დროსთვის, მან უკვე გამართა ფართომასშტაბიანი კონსულტაციები თავის მფარველებთან აშშ-ში. 

 

ჩვენი მიზანი საქართველოს განადგურება ან სააკაშვილის სიკვდილით დასჯა არ იყო. ამიტომ არ შევიყვანეთ ჩვენ ტანკები თბილისში მას შემდეგ, რაც ქართული ჯარები ცხინვალიდან განვდევნეთ. ამან რეგიონში სიტუაციის დამშვიდების და ევროკავშირთან ურთიერთობის მშვიდად აღდგენის საშუალება მოგვცა. 

 

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს „მშვიდობაზე იძულების“ სამხედრო კამპანიის შემდეგ, ჩემთვის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. თუ იქ სიტუაციას ჰაერში გამოვკიდებდით, გაგრძელდებოდა პროვოკაციები, მათ შორის რუსების წინააღმდეგ. ხოლო როდესაც არსებობს შეთანხმებები სახელმწიფოებს შორის, ყველა ხვდება, რომ უფრო ძვირი ჯდება რუსეთის ფედერაციასთან საქმის დაჭერა, ვიდრე რაღაც უტოპიური იდეებისთვის ბრძოლა. 

იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ საქართველოს სათავეში ფსიქიკურად დაუბალანსებელი ადამიანი იდგა, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა. სააკაშვილის კარიერა საქართველოში, სავარაუდოდ, დასრულებულია - რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგია. საქართველოს ახალ მთავრობასთან ჩვენ მზად ვართ ურთიერთობის ასაწყობად. 

 

2008 წლის აგვისტოს მთავარი შედეგია - რუსეთმა მიიღო მშვიდობა. თუმცა საქართველოს ნატოში მიღების გადაწყვეტილება - მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხეა. ამან შესაძლოა ახალი საშინელი კონფლიქტი გამოიწვიოს“. 

 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.  ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge