Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:34 12.07.2018
გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში, მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოთვაწე, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1975 წლიდან იყო ჟურნალ “ცისკრის” დამატების – “ნობათის” რედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ – “საუნჯის” კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორია. 1997 წლიდან – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი – 2001 წლიდან); 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმა მას თავიდანვე მკითხველის აღიარება მოუტანა; მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესის ფურცლებზე; მან პოლიტიკურ სატირას დიდი მნიშვნელობა შესძინა; იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელია.


მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავია “მართალს ვიტყვი…” (1980), “ფრთხილად, წინ მკითხველია” (1986), “ლოზუნგების ქვეყანა” (1991), “ერთ საშუალებას კიდევ ვცდი” (1991).

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge