Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:58 11.07.2018
"ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს, მე კი დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“- ბრალდებული მწყემსი

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და „იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო“. 


ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა.



„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.



მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ამ წუთებში კი სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.



კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.



ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა. 



ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge