Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:39 07.07.2018
"უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს"- პატრიარქი

ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე განაცხადა.



უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და სვანეთში მომხდარ სტიქიის შესახებაც ისაუბრა.



„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, ბედნიერი იყავით თქვენ და საქართველო. სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით არიან. დღეს არის სასიხარულო დღე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობა და დღესვე არის მძიმე დღე. თქვენ იცით, სვანეთში წყალდიდობა მოხდა, წაიღო ხიდები, რამდენიმე სახლი. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა მოგვანიჭოს, დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან. ისინი გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სძლიონ ამ მოვლენებს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge