Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:40 06.07.2018
გაიცანით ნინი ბარამია, რომელიც ქართული და აღმოსავლური ხელოვნების სინთეზს საკუთარ ნამუშევრებში ასახავს

ამ საოცარი სილამაზის ავტორი ახალგაზრდა, ნიჭიერი შემოქმედი -  ნინი ბარამიაა. იგი აღმოსავლური და ქართული სინთეზის შერწმით, ორიგინალურ და ლამაზ ხელნაკეთ თეფშებს ქმნის. მისი თქმით, „მანდალას“ სტილის თეფშის ანალოგი საქართველოში აქამდე არ შექმნილა.

 

ნინიმ ახლახანს დაამთავრა  „GIPA-ს“ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. პროფესიით დიპლომატია და სწავლის გაგრძელებასაც, ამავე მიმართულებით აპირებს, თუმცა, როგორც „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბრისას აცხადებს, ბავშვობიდან ხატავს და პროფესიის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით პროცესში. როგორც ნინის საუბრიდან ირკვევა, ნამუშევრების შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ მუზეუმში მსგავსი ტიპის თეფში ნახა:

 

„ნამუშევრების შექმნის იდეა  სულ ცოტა ხნის წინ, იანვარში გამიჩნდა და შემდეგ, უკვე აქტიურად დავიწყე  მისი განხორციელება. ამ ტიპის თეფში ერთ-ერთ მუზეუმში  ვნახე და ძალიან მომეწონა.  გადავწყვიტე, მეც მეცადა და როგორც ჩანს,  მცდელობა საკმაოდ წარმატებით დასრულდა.  დღეს უკვე, ამის კეთება ჩემს საყვარელ საქმიანობად იქცა.“-აცხადებს ნინი.

 

ნინი უმაღლესი ხარისხის კერამიკულ თეფშებსა და აკრილის საღებავს იყენებს. ამბობს, რომ ერთი თეფშის დასრულებას, ზოგჯერ,  ერთ დღესაც ანდომებს:

 

„ეს საქმე ძალიან შრომატევადია. მოითხოვს დიდი მონდომებასა და ყურადღებას.  მხედველობის  კარგი უნარია საჭირო. თითოეული წერტილი ზუსტად უნდა იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა წაიშალოს და გაკეთდეს ახლიდან, შესაბამისად, ეს საკმაოდ დიდ ნებისყოფას მოითხოვს. დაახლოებით ერთი დღე მჭირდება იმისათვის, რომ თეფში თავიდან ბოლომდე შევქმნა.

 

ვინაიდან, თეფშის ანალოგი საქართველოში არ არსებობს, ეს არის ძალიან ახალი საზოგადოებისათვის. ამ ტიპის თეფშის არსებობა უკვე საკმაოდ გავრცელდა  და საქმიანობას, რომელიც დავიწყე, საკმაოდ დადებითი შეფასებები მოყჰვა.“-განმარტავს ნინი ბარამია.


შემოქმედმა საკუთარ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც თავად ამბობს, უახლოეს პერიოდში, ის საკუთარი ნამუშევრების გამოფენას გეგმავს:


 „ახლა საკმაოდ საინტერესო პროექტს ვგეგმავ: ჩემი ნამუშევრების გამოფენას ყვარლის რაიონში, ერთ-ერთ ულამაზეს შატოში, კერძოდ,  ჯავახიშვილების მარანში ვაპირებ.  ვფიქრობ, ესეც ერთგვარი საშუალებაა იმისათვის, რომ საზოგადოებამ უკეთ გავაცნოთ ჩემი საქმიანობა. მიმაჩნია, რომ ეს არის ახალი და ხმამაღალი სიტყვა ქართულ ხელოვნებაში, რომელიც აღმოსავლური და ქართული ხელოვნების სინთეზია...განაცხადა მან.


 ,,ჯორჯიან თაიმსი" ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედს დიდ წარმატებას უსურვებს!

 

ნინის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 


 

 

 

 

 

/ლიკა თორთლაძე/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge