Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:49 18.06.2018
რატომ არ სურს კოსტაზე საუბარი „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულს

„მუდამ მუსიკოსობა მინდოდა, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა. სხვადასხვა ჟანრის გაცნობა და მორგება ჩემს ჰობად იქცა, მინდოდა ყველა ჟანრში მეცადა თავი, ხან ერთს ვსწავლობდი, ხან – მეორეს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი არასდროს მყოფნიდა, თითქოს ყველაფერი ერთად მჭირდებოდა და მჭირდება, ეს ძალიან ჰგავს წყურვილის დაუსრულებელ მოთხოვნილებას... 

 

თითქმის ყველა მეუბნებოდა, მშიერი დარჩები, თუ რამე სხვაც არ ისწავლეო, ალბათ, გარდატეხის ასაკში ამან ამიცრუა გული იმ ქვეყანაზე, რომელშიც ვცხოვრობდი, ამიტომ ჩემს ოცნებად იქცა აქედან გაქცევა. ინგლისური ენა კარგად შევისწავლე და ინგლისურენოვან სიმღერებში დავიწყე გამოსავლის ძებნა... რამდენიმე წელში მეტი განათლება მივიღე, გავიზარდე, ეს სიძულვილის ფაზა გადავლახე და მოვლენებისთვის სხვაგვარად შეხედვა დავიწყე, მივხვდი, რომ, თუ წავალ, სამუდამოდ გადავცხოვრდები, ბედნიერი ვერ ვიქნები, ზუსტად იმიტომ, რომ გავიქეცი, გავექეცი პასუხისმგებლობას, რომელიც თავის დროზე ვერ გავიაზრე... ვფიქრობდი ხოლმე, აქ რატომ დავიბადე-მეთქი, სხვაგან ხომ ყველაფერი ბევრად მარტივად მექნებოდა, ვიშრომებდი და პროპორციულადვე მექნებოდა სასურველი შედეგიც. ეგ შეიძლება მართლაც ეგრეა, მაგრამ ახლა ვხვდები, აქ რატომაც დავიბადე, ახლა ვხვდები, რა პასუხისმგებლობა მაქვს ამ ქვეყნის წინაშე, ახლა დაახლოებითი წარმოდგენა მაქვს, რისი გაკეთება შემიძლია და მინდა ჩვენი საქართველოსთვის...

 

მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემი უდიდესი სურვილების ახდენაში მონაწილეობა მიიღო, მე განათლებას მივიღებ იმ სასწავლებელში, რომელიც მიუღწეველი იყო, ფინანსური საკითხების გამო. დავესწრები ბიონსეს კონცერტს და აუცილებლად ჩემთან ერთად წავიყვან იმ ადამიანს, რომელსაც, მემგონი, ბიონსე ჩემზე მეტად უყვარს, ათეულის წევრს, უნიჭიერეს მომღერალს, ჩემს ქრისტინე ჯაფარიძეს, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ადრე გამოეთიშა პროექტს...

 

ვეცდები, თავი არ შეგაწყინოთ, უბრალოდ ვერ მოვისვენებ, თუ ჩემს მადლიერებას არ გამოვხატავ გენიალური მუსიკოსების მიმართ, მე ბედნიერი ვარ, რომ მათთან მუშაობის საშუალება მომეცა... ჩემს მადლიერებას გამოვხატავ „რუსთავი 2“-ისა და მისი მთელი შემოქმედებითი ჯგუფების მიმართ, იმისთვის რომ ბევრი სიყვარული მაჩუქეს, ძალიან მეგობრად მიმიღეს...

 

მადლიერება მინდა გამოვხატო ჟიურის წევრების მიმართ! მე უზომოდ მიყვარს და ვაფასებ თითოეულ ადამიანს, რომელმაც მოტივაცია მომცა, რომელმაც მომიწონა ან ჯანსაღად გამიკრიტიკა ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი მუსიკაში. მე მუსიკისთვის დავიბადე, მინდა თუ არ მინდა, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეგ, სხვანაირად არ შემიძლია, შიგნიდან არ მასვენებს და ყველაფერს ხეთქავს... როცა მუსიკის გზით ვსაუბრობ, სრულიად შეურაცხადი ვხდები, რაც ცოტა სასაცილოა, ალბათ, მაგრამ ესაა ის საკომუნიკაციო ენა, რომლითაც ჩემი იდეების სრულად გადმოცემა შემიძლია... ჩემი გული და ტვინი ანთებულია, მადლიერია ადამიანების, რომლებმაც მათთვის ნაცნობი თუ სრულიად უცხო მიმიღეს, შემიყვარეს და ამდენჯერ, ამდენი დამირეკეს. 

 

ისტორიული პროექტის პირველი, ცინცხალი სეზონის მონაწილე და გამარჯვებული გავხდი, თუმცა ეს ის შემთხვევა მინდა იყოს, როცა ფინალი და გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ტრამპლინია, რომელმაც უნდა აგტყორცნოს იქ, სადაც სხვა ტრამპლინებისკენ მიმავალი გზა იწყება... ადამიანად მოვედი ამ პროექტში, არაფერი მქონდა გულში მუსიკის, სიყვარულის და ჩემი სამყაროს გარდა. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი არაა, ეს გამარჯვება თქვენია – ოჯახის, მეგობრების, ჩემი გულშემატკივრების, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების, და უბრალოდ მათი, ვისაც მოტივაცია სჭირდებოდა. ბევრი უარის, იმედგაცრუებისა და შრომის შედეგია ეს ყველაფერი. როცა თავადაც არ გჯერა საკუთარი თავის, უსმინე წრფელ გულს, უსმინე ტვინს, უსმინე სხეულს, ნუ შეგრცხვება საკუთარი თავის, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება, ყველაფერი მიღწევადია, არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. მიყვარხართ“.

 

ეს პოსტი სოფო ბათილაშვილმა „მხოლოდ ქართულში“ გამარჯვების ღამეს დაწერა სოციალურ ქსელში. პირველივე ლაივკონცერტიდან გამოირჩეოდა ყველასგან მუსიკისადმი სიყვარულით, სიმღერის შეგრძნებითა და თავისებური ინტერპრეტაციით, სიგიჟეებით სცენაზე და „გასვლებით“, როგორც გიორგი უშიკიშვილი იტყოდა. და... პროექტის გამარჯვებულიც ის გახდა.

 

– სოფო, გაიხსენე პირველი დღეს, როგორი მოხვედი ამ პროექტის ქასტინგზე?

– მოვედი პატარა, შეშინებული, დაბნეული ბავშვი, რომელსაც აინტერესებდა თავისი თავი ქართულ სიმღერაში და აღარ შეეძლო მუსიკის გარეშე. ფერდაკარგული, ფერმკრთალი, ნანერვიულები ვიყავი. ბევრის მოლოდინი არც მქონია, ვორჭოფობდი, მოვეწონებოდი თუ არა ჟიურის. 

– მარინა ბერიძის კომენტარი გამახსენდა ახლა, ფინალზე საჯაროდ რომ წაიკითხა, ვისზე რას წერდა, პირველ შთაბეჭდილებებს. მენაცრისფერებაო, შენზე რომ დაუწერია, ხომ არ გეწყინა?

– ვიფიქრე ამასთან დაკავშირებით და ლოგიკურია. მაშინ ნაცრისფერი კი არა, მგონი, ფერი არ მქონდა საერთოდ. 

– შენი სტატუსი წავიკითხე, სადაც ამბობ, რომ საქართველოდან გაქცევაც კი გინდოდა...

– კი, ასე იყო ნამდვილად. ყველა მეუბნებოდა, მუსიკის გარდა, კიდევ რაღაც უნდა ისწავლო, საქართველოა და მშიერი დარჩებიო. ეს ძალიან მტკენდა გულს, იმიტომ რომ მუსიკასთან ერთად არაფერი არ მინდა ვაკეთო, მთელი ცხოვრება ამას მინდა მივუძღვნა. 

– ისე, გიფიქრია, კიდევ რა შეგეძლო გეკეთებინა?

– ბევრი რამ გამომდის. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ყველა საგანი მესმოდა, თანაბრად მაინტერესებს სხვა ყველაფერი, მუსიკის გარდა. მუსიკა პირველია და დანარჩენი ყველა სფერო – მეორეხარისხოვანი ჩემთვის. 

– რა არის ეს დანარჩენი, რაც შეგიძლია, გამოგდის?

– ხან წერა მსიამოვნებს, ხან – ხატვა, ფორტეპიანოს დაკვრაც...

– წერა რომ გამოგდის, ამაში დავრწმუნდი, შენი სტატუსებიდან გამომდინარე...

– ბევრ რამეს საჯაროდ არ ვწერ, ჩემთვის მირჩევნია. არ ვიცოდი, ვინ როგორ გამიგებდა. მერე გადავწყვიტე, რომ დროა, ეს შიშებიც დავამარცხო და საჯარო გავხდი წერაშიც.

– რა არის შენში ყველაზე უცნაური, რაზე ფიქრობდი, რომ ვერ გაგიგებდნენ?

– ალბათ, ჩემი სამყარო. ყველას ხომ თავისი სამყარო აქვს...

– შენი როგორია?

– ძირითადად ფერადი. ჩემს სამყაროში ყოველთვის არის იმედი.

– იმედი, რომელიც ამართლებს. უამრავი საჩუქარი მიიღე. ჩამომითვლი?

– მთავარი პრიზი – ბინა, ბერკლიში საზაფხულო პროგრამაში წასვლა, სადაც მომავალ ზაფხულს გავემგზავრები. 10 ათასი ლარი „ნაბეღლავისგან“, „ფორტუნასგან“ 2-კაციანი საგზური ბიონსეს კონცერტზე ნიცაში. „ისი პარისგან“ სასაჩუქრე ვაუჩერი, „მოდუსისგან“ ფულადი პრიზი 300 ლარი და ბოლო საჩუქარი, რომელიც ჩემმა უნივერსიტეტმა გამიკეთა –  სრულად დამიფინანსეს სწავლა 3 წლის განმავლობაში. 70-პროცენტიანი გრანტი მქონდა, მაგრამ გადაწყვიტეს, სრულად დამიფინანსონ, რამაც ძალიან გამახარა. 

– ახლა უკვე ფულიანი გოგო ხარ, უნდა უყიდო დაპირებული ტრაქტორი მამას?

– (იცინის) ჯერ არ მომივა, მაშინ ბინა უნდა გავყიდო...

– ბინა გლდანშია ხომ?

– ჯერ არაფერი არ ვიცი, როგორია, რანაირია. ამ დღეებში გავიგებ.

– ახლა იმ ემოციებზე გვიამბე, გამარჯვების წამებს რომ მოჰყვა. ჩვენ გაქვავებული სახე ვნახეთ, რა იყო შიგნით, გულში?

– შიგნით სიმშვიდე და სიხარული დაეჯახა ერთმანეთს. როგორ აგიხსნათ, სიმშვიდეს ვგრძნობდი და პარალელურად ძალიან დიდ სიხარულს. პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა ჩემი სახელისა და გვარის გაგონებაზე, იყო – მე?

– ვის ელოდი, ვინ გეგონა, რომ გაიმარჯვებდა?

– არ ვიცი. არ ვფიქრობდი, რომ გოგო მოიგებდა ამ პროექტს. „იქს ფაქტორშიც“ არ ვიყავი ლიდერი, არ ვიყავი მიჩვეული ამას. მიჩვეული ვიყავი ამ პოზიციას, რომ არც აუტსაიდერი ვარ, არც ლიდერი და მივჩანჩალებ ასე. ასე მივჩანჩალდი ფინალში, იქ არავინ არ ვარდება და სიამოვნებისთვის ვმღეროდი, შედეგებზე არ მიფიქრია. 

– როგორ ფიქრობ, რომელი იყო შენი სავიზიტო სიმღერა ამ პროექტში, რომელმაც ამხელა სიყვარული მოგიტანა?

– პირველ ეტაპზე იყო „იაგუნდი“. ამ სიმღერის მერე ვიგრძენი განსაკუთრებული სიყვარული. მაგრამ ამ ემოციას გადააჭარბა სიმღერამ „რა კარგი ხარ, რა კარგი“, ნახვებითაც, ყველაფრით. მეტი სიყვარული ვიგრძენი. 

– არ შემიძლია კოსტაზე არ გკითხო, მთელი საქართველო ლაპარაკობს, რომ შეყვარებულები ხართ. დამთავრდა პროექტი, ახლა მაინც გაამხილეთ საიდუმლო...

– იგივე პასუხი მაქვს, პროექტის დასასრული არაფერ შუაშია, ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. საერთოდ არ ვაპირებ, ჩემი გრძნობების შესახებ ხმამაღლა ვისაუბრო. არის რაღაცები, რაც ძალიან პირადია.

– ყველა აღიარებს, რომ კარგი წყვილი ხართ და ერთმანეთს უხდებით... მათ შორის, მგონი, თქვენი მშობლებიც...

– არ ვიცი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს (იღიმება). კითხვას თავს არ ვარიდებ, უბრალოდ ასეთი ვარ. სიმღერას რომ დავწერ, რაზეა, ვისზეა, ამაზეც არ ვლაპარაკობ. ძალიან პირადია და უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა ამაზე ვსაუბრობ.

– გამარჯვების პირველი დილა როგორი იყო?

– არ მიძინია... სულ არა. სახლში გვიან მივედი, მოვწესრიგდი, მეორე დილით დილის გადაცემაში მივდიოდი, მერე კიდევ ორი გადაღება მქონდა... თუმცა ვიცი, რასაც მეკითხებით, ეს ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე ბოლომდე. ფინალიდან რამდენიმე დღეში „პროფილის“ ჩაწერაზე მიგვიწვიეს. მაია ასათიანმა თქვა, მოდი, ახლა გამარჯვებულს ვკითხოთო და რეაქცია არ მქონდა. ვერ მივხვდი, ვის მიმართავდა. რომ შემომხედა, მერე მივხვდი, მე მეკითხებოდა (იცინის). ჯერ ისევ გაურკვევლობაში ვარ. რომ მილოცავენ, მერე ვხვდები, რომ მე მოვიგე პროექტი (იცინის).

– მინდა ასეთი გაურკვევლობა ბევრი გქონდეს, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილიყოს შენი დიდი წარმატებისა.

– ძალიან დიდი მადლობა.

 

ავტორ(ებ)ი : http://primetime.ge