Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:30 14.06.2018
„მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავს. როგორც ბახტაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ განაცხადა, მისი ხედვები რამდენიმე ძირითად პრინციპზე იქნება დაფუძნებული. ბახტაძემ ასევე მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდსა და მის ხელმძღანელს გამოცხადებული ნდობისთვის.



„ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. უახლოეს დღეებში მე საქართველოს პარლამენტში წარვსდგები ჩემი ხედვით, რომელიც დამყარებული იქნება შემდეგ ძირითად პრინციპებზე. პირველი - ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამ კუთხით „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი წარმატებები და ამ წარმატებებს სჭირდება გაღრმავება და განმტკიცება. მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს და ჩვენს ყველა მოქალაქეს. ჩვენ შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, ამიტომ მომავალი პრემიერის ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა. „მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე ანტიკორუფციული ხაზით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება. „მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი. ეს არის განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა. სწორედ მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, თავიანთ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს, რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. სწორედ ასეთი საქართველოა ერთადერთი და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში. შესაბამისად, მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და ამ სექტორის ფუნდამენტური რეფორმა იქნება საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge