Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:56 14.06.2018
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ფილოსოფოს ნიაზ ბოლქვაძის წიგნის ,,აზროვნების ეკოლოგია“ განხილვა გაიმართა

 

მიმდინარე წლის 27 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ნიაზ ბოლქვაძის  წიგნის ,,აზროვნების ეკოლოგია“ -  შემაჯამებელი საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას წინ უსწრებდა წიგნის განხილვები საქართველოს რიგი ქალაქებისა და რაიონების ბიბლიოთეკებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მათ შორის ქ. თბილისში, ბათუმსა და ახალციხეში, რაც სათანადოდ გაშუქდა პერიოდულ პრესაში.


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადამიაში განხილვა შედგა დიდ დარბაზში. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები, მეცნიერებისა და ხელოვნების მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციების თავმჯდომარეები და სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები.


სხდომა გახსნა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ განხილვაზე წარმოდგენილი წიგნი ,,აზროვნების ეკოლოგია“ არის გლობალური მნიშვნელობის, მაღალი დონის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.


წიგნის ავტორის, - ნიაზ ბოლქვაძის შესახებ ვრცლად ილაპარაკა მსოფლიო რელიგიათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ ლიპარტელიანმა. მან ისაუბრა მასზე,  როგორც მწერალზე, საზოგადო მოღვაწეზე და მეცნიერზე, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში...


ავტორმა დამსწრეთ აუწყა  წიგნის შექმნის აუცილებლობასა და მისი შთაგონების მოტივებზე, მის დანიშნულებაზე და მისიაზე. აზროვნების განწმენდის აუცილებლობაზე ავხორცობისგან, რამაც დაბინდა ადამიანთა გონება.


აზროვნების ეკოლოგიის საშუალებით შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ერებსა და რელიგიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილება, რაც წინაპირობაა მსოფლიოს მშვიდობის დამკვიდრების საქმეში.


განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და აზრი გამოთქვეს აკადემიის წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, მხატვრებმა, არქიტექტორებმა მათ შორის: რეზო ადამიამ, ოთარ ურუშაძემ, ვახტანგ გაჩეჩილაძემ, დუგლას ზამთარაძემ. ასევე,  რეგიონებიდან ჩამოსულმა სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა: ზაზა სუდაძემ, ბადრი ჭელიძემ, ზურაბ სანადირაძემ და სხვ.


განხილვაში მონაწილეთა აზრით, ნიაზ ბოლქვაძის წიგნი მოწოდებულია, რომ დიდი როლი შეასრულოს მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ დაპირისპირებათა თავიდან აცილებაში, სხვადასხვა ერებსა და აღმასრულებლობის წარმომადგენლობათა შორის მშვიდობიანი თანაარსებობის საქმეში. იგი  ხელს  შეუწყობს ტოლერანტობის საზღვრების მაქსიმალურად  გაფართოებასა და ტერორიზმის რისკების შემცირებას, რაც თანამედროვე კაცობრიობის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.


ამიტომ, სასურველია, რომ იგი გახდეს სამაგიდო წიგნი და ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიო საზოგადოებისათვის.  იგი უნდა ითარგმნოს მსოფლიოს ხალხთა ენებზე, მოხდეს მისი ტირაჟირება, მის საფუძველზე შემუშავდეს მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ხელმისაწვდომი პროგრამა, რათა წიგნმა თავისი კეთილშობილური მისია შეასრულოს.


მსოფლიო სამეცნიერო და სასულიერო აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ბატონმა, როინ  ლიპარტელიანმა საზოგადოების წინაშე დააყენა წინადადება, ნიაზ ბოლქვაძის წიგნის ,,აზროვნების ეკოლოგიის“ რუსთაველის პრემიაზე და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენის თაობაზე, რაზეც სხდომაზე დამსწრე საზოგადოება ერთსულოვნად დაეთანხმა.


P.S სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მშვიდობის მისია "აზროვნების ეკლოგიის“ სახით, რაც ქართველი მეცნიერების მრავალწლიანი შრომის შედეგია, მისი ერისთვის დამახასიათებელი ტოლერანტობისა  და კაცთმოყვარეობის გამოძახილია. ვფიქრობთ იგი ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და პრემირებას.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge