Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:56 12.06.2018
"საქართველომ ნატოში გაწევრიანება მოისურვა და თბილისიდან 30 კილომეტრში რუსული ტანკები მიიღო"

ერევნის ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის - კავკასიის ინსტიტუტის დირექტორს ალექსანდრე ისკანდერიანის განცხადებით, სომხეთი რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევა, თუნდაც საქართველოს მაგალითის გამო.



ამ თემაზე ისკანდერიანი რუსული გაზეთის «КоомерсантЪ»-ის კორესპონდენტს ესაუბრა.

 

- სომხეთში ყოველი პოლიტიკოსი განწირულია იმისათვის, რომ იყოს თუ პრორუსი არა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მაინც ჰქონდეს?

 

- დიახ, მხოლოდ ასე. სომხეთისაგან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას ნურავინ ნუ ელოდება: ასეთი რამ არ იქნება. ჩვენს პოლიტიკოსები პრორუსები არ არიან, მათ ვერ უწოდებ პრორუსებს, მაგრამ სომხეთი საკუთარ თავს იმის ნებას არ მისცემს, რომ რუსეთთან დაპირისპირება დაიწყოს. რომელიმე ახალი მთავრობა და გუნდი კი არა, არამედ თვითონ სომხეთის სახელმწიფო. აი, შეხედეთ ნიკოლ ფაშინიანს: პირველი ვიზიტი - ყარაბაღში, მეორე - რუსეთში, მესამე - საქართველოში. შემდეგ - ევროპა. გაგრძელდება ურთიერთობის გაფართოება ევროპასთან.

 

საერთოდ, სომხეთის პოლიტიკა 1990 წლიდან პროდასავლური იყო. გავიხსენოთ პირველი მთავრობები - ვაზგენ მანუკიანი, ლევონ ტერ-პეტროსიანი... ისინი ლიბერალები იყვნენ, გამოდიოდნენ იმისათვის, რომ სომხეთი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი გამხდარიყო. ისინი ყველაფერში შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ არა პრორუსულობაში... ისინი იარაღს რუსეთისაგან იღებდნენ, ფულს დასავლეთისაგან. უბრალოდ, ომი მიდიოდა და შესაბამისი პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. შემდეგ მოვიდა რობერტ ქოჩარიანი. იგივე პოლიტიკა გააგრძელა. სიტუაცია არ შეცვლილა სერჟ სარგსიანის დროსაც. ჩვენს პოლიტიკას უკვე ტრადიცია განაპირობებს.

 

ჩვენს გვერდით სხვა მაგალითებიც არის. ყველაზე ნათელი მაგალითი საქართველოა. 2008 წლის აპრილში ნატოს სამიტზე ბუქარესტში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის ემზადებაო. სამი თვის შემდეგ კი, აგვისტოში, რუსეთის ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში შეჩერდნენ და პრინციპში, ახლაც იქ დგანან. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს სომხეთიდან შეხედო? გმადლობთ, არ გვჭირდება. ჩვენ სამხრეთ კავკასიის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ერთადერთი ქვეყანა ვართ (ბელარუსის გარდა), რომელიც თავის ტერიტორიას აკონტროლებს. -აცხადებს ისკანდერიანი. 

ავტორ(ებ)ი : http://nsp.ge