Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:37 06.06.2018
კომედიის ფესტივალი, სლოგანით - ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ - საზეიმოდ გაიხსნა

 

გუშინ, ქ. გორშირიგით მეხუთე კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი, ტრადიციულად, მარჯანიშვილის თეატრის ჩვენებით გაიხსნა და ამჯერად, წარმოდგენილი იყო ლევან წულაძის სპექტაკლი, - ,,როგორც გენებოთ“.  

 

კომედიის ფესტივალის სლოგანი, ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში-  წელსაც  უცვლელია.


შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, - რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად,  სევდიან ქალაქს ღიმილიანი ფესტივალი აჩუქა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში, ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად  რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

 

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. ამგვარად, ფესტივალი კომედიის ფესტივალი  იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

 

კომედიის ფესტივალი .გორის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელიან.

 

ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა  აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლლელობაში.

 

 

ღონისძიების გახსნის დასასრულს, რეჟისორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, - სოსო ნემსაძემ ,,ჯორჯიან თაიმსთან“ პირველი საფესტივალო დღე შეაფასა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

 

,,ფესტივალი დაარსდა 2014 წელს. მოგეხსენებთ, გიორგი ერისთავი არის კომედიური ჟანრის ავტორი, დრამატურგი, - ვისი სახელობისაც გახლავთ გორის თეატრი და ვიფიქრე, რომ ეს არის ამ ჟანრის მოყვარული ქალაქი და ამიტომ, სწორედ აქ,  ამ კონკრეტულ მიმართულებაზე გავაკეთეთ აქცენტი.

 

ვფიქრობ, რომ ზოგადად, კომედიური ჟანრი ძალიან საჭირო და აუცილებელია ქართველი მაყურებლისთვის და ის კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს.

 

მოხარული ვარ, რომ დღეს, ფესტივალის გახსნის ცერემონიამ ძალიან კარგად ჩაიარა და სამომავლოს ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე გავალთ. ზოგადად, ადამიანებს სჭირდებათ მეტი ღიმილი და მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენ ამაში მათ დავეხმარებით.“  - განაცხადა სოსო ნემსაძემ.

 

 

ცნობისათვის, რეგიონებში ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს  გრძელვადიანი და მაშტაბური კულტურული პროექტები.

 

კომედიის ფესტივალის დაფუძნების მიზეზი  კომედიური ჟანრის პოპულარიზაცია და ქალაქის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესება იყო

 

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

 

 

ფესტივალი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. მხარდამჭერები:კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტიდა გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრიმედია მხარდამჭერია ,,ჯორჯიან თაიმსი".

 

 

როგორც აღვნიშნეთ, ფესტივალი გუშინ, 5 ივნისს გაიხსნა და 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას მარჯანიშვილის თეატრის გარდა, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის, და მოზარდმაყურებელთა თეატრები მიიღებენ.

 

რაც შეეხება ფესტივალის შემდეგი დღეების პროგრამას, ის ასე გამოიყურება:


 

6 ივნისი -  20.00 სთ   -ჟასტარის თეატრი (ყაზახეთი - ასტანა) ,,ჭირვეულის მორჯულება“

7 ივნისი - 20.00 სთ -- ზუგდიდის თეატრი  - ,,ეზოში ავი ძაღლია“

8 ივნისი - 20.00 სთ- მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი

21.00 სთ- გორის თეატრი - ,,ღია ზღვაში“

9 ივნისი - 20.00 სთ-- ფოთის თეატრი - ,,ხრამუნა“

10 ივნისი - 20.00 სთ - კინომსახიობთა თეატრი - ,,ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“

11 ივნისი - 17.00 სთ - მოზარდმაყურებელთა თეატრი ,,რწყილი და ჭიანჭველა“

11 ივნისი -20.00სთ- მესხეთის თეატრი - ,,ქასთინგი“

12 ივნისი - 20.00 სთ -თავისუფალი თეატრი ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“

13 ივნისი -20.00 სთ  - ილიაუნის თეატრი ,,სიმართლე“

14 ივნისი - 20.00 სთ - სამეფო უბნის  თეატრი - ,,დემონები“ (ფესტივალის დახურვა)

 

 

 /თამუნა დუღაშვილი/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge