Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:29 31.05.2018
3 ივნისს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ტურნირი „ზუკას თასი“ გაიმართება

3 ივნისს, კაჭრეთში, კომპლექს ამბასადორის ოლიმპიურ საცურაო აუზზე, მინი წყალბურთში ზურაბ სახელაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება. შეჯიბრი მეთორმეტედ ტარდება და წელს პირველად გასცდება თბილისის ფარგლებს. წყალბურთელ ზუკა სახელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი წყალბურთში, ყოველწლიურად იმართება. 


შეჯიბრი შერეული სისტემით, მინი წყალბურთის წესებით ტარდება. ტურნირში მონაწილეობენ გუნდები: დინამო, ლოკომოტივი, თბილისის თბილისი, ზუკას მეგობრების გუნდი, ზვიგენები, ეროვნული ნაკრები.

 

„წლევანდელი თასი გამორჩეულია იმით, რომ  ჩვენ გავედით რეგიონში. აქამდე თასი საერთაშორისო გახლდათ და 8 წლის განმავლობაში,  გუნდები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ, რომლებიც  ზუკას მეგობრები იყვნენ. 


წლევანდელი ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და წყალბურთის პოპულიზაციისათვის. მონაწილეობას იღებენ,  როგორც დამწყები წყალბურთელები, ასევე,  ვეტერანი სპორტსმენები, რომლებიც, უკვე, დიდი ხანია  ჩვენთან ერთად არიან და თასიც ყოფილა მათ საკუთრებაში.  ეს არ არის  ჩვეულებრივი ჩემპიონატი, ეს არის უფრო ურთიერთობის, ზუკას  და მის ირგვლივ ძალიან ბევრი კარგი მოგონებების გახსენების დღე.

 

წელს ჩატარდება ერთი დღე, კაჭრეთის ოლიმპიურ აუზზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება“-განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ზუკას თასის ორგანიზატორმა, -მაკო მეტრეველმა.

 

ტურნირი ყოველწლიურად გამოავლენს სხვადასხვა გამარჯვებულს. ზუკას თასი ეს არის ტურნირი ყველა თაობის წყალბურათელისთვის. იქ, სადაც ლეგენდარული სპორტსმენები ახალგაზრდებს ხვდებიან და ეჯიბრებიან,  ტურნირი ყველა თაობის წყალბურთელსა და  ქომაგს აერთიანებს.


„ტურნირში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ქართული კლუბები იქნებიან ჩართული.  ასევე, დაემატება რამდენიმე მოყვარული, ზუკას  მეგობრების გუნდი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა, რადგან სხვადასხვა  თაობის წყალბურთელები შეხვდებიან ერთმანეთს და დაძაბული ბრძოლაც იქნება. 

ზუკა ჩემი ბავშობის მეგობარი იყო, ერთ გუნდში ვთამაშობდით. ის მეკარე იყო. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი გუნდის წევრისთვის, როცა ყველა ერთად ვიკრიბებით, ხან ვიხსენებთ ზუკას, ხან წყალბურთს ვთამაშობთ. ტურნე ძალიან ბევრი თაობის ხალხს აერთიანებს,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ეროვნული ნაკრების წევრმა- კოტე გეგელაშვილმა.

 

 

შეჯიბრში გამარჯვებლ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე დაჯილდოვდებიან საუკეთესო ბომბარდირი, მოთამაშე და მეკარე.


„მოხარულები ვართ, რომ „ზუკას თასის“ გენერალური სპონსორები გავხდით. ვითიბი ბანკი სპორტს უმნშვნელოვანეს მხარდაჭერას უწევს, ახლა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს „ზუკას თასიც“ შეუერთდა. წარმატებას ვუსურვებთ სპორტსმენებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წყალბურთის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“-განაცხადა   „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამმართველოს ხელძღვანელმა - შოთა მაჭავარიანმა.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge