Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:40 27.05.2018
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუ­სალიმში ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვა­დასხვა ენაზე.

სულიწმიდის მადლი ქრისტეს 12 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.


სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას - მეუფეო ზეცათაო...


სულთმოფენობის დღესას­წაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს­ სწირავდნენ. იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები­ ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge