Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:59 25.05.2018
როგორ ღვინოს სვამდა ვაჟა-ფშაველა და რატომ არ უყვარდა მას გრძელი სადღეგრძელოები

როდესაც ქართველ დიდ მწერლებზე და მათ ბიოგრაფიზა საუბრობენ, ძალიან იშვიათად იხსენებენ მათ სუფრებს და ღვინოსთან დამოკიდებულებას ... ამის მიზეზი ცხადია საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებში უნდა ვეძებოთ, როდესაც ე.წ. ერის მამების წარმოჩენა მხოლოდ ზეაღმატებული კუთხით ხდებოდა და ამ მოღვაწეების ადამიანური, უბრალო მხარეები იკარგებოდა. მაგალითად, თითქმის ვერც ერთ წიგნში ვერ ვნახავთ ვაჟა-ფშაველას ღვინოსადმი და სუფრისადმი დამოკიდებულებას და ეს მაშინ, როდესაც ვაჟა ისევე როგორც სხვა ბევრი ქართველი მოღვაწე, ამ ყველაფრის დიდი მოყვარული და პატივისმცემელი იყო. 


როგორც მისი თანამედროვენი იხსენებენ, ვაჟას ქეიფი და დროსტარება ძალიან უყვარდა, ისევე, როგორც ღვინო, თუმცა, ზომაც იცოდა – შეზარხოშდებოდა თუ არა, წვეთსაც აღარ აკარებდა პირს. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მტკიცე ნებისყოფა. რასაც იტყოდა, ის უნდა აესრულებინა. თქვა, აღარ მოვწევ თამბაქოსო და, მას შემდეგ აღარც მოუწევია. ერთი ჩვეულება ჰქონდა ვაჟა-ფშაველას: ის არასდროს არ მიაჭახუნებდა ჭიქას ჭიქაზე, როგორც სადღეგრძელოების თქმისას არის ჩვენში მიღებული. ამბობდა, ეს ჩვეულება ჩვენი არ არისო. 

 

 

როგორც ცნობილია, ვაჟა-ფშაველას გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებიც არ უყვარდა. სადღეგრძელოს ამბობდა მოკლედ, გასაგებად და ხშირად თქმის დროს პატარა ლექსებსაც გამოურევდა ხოლმე. საჭმელებს შორის ყველაზე მეტად რა გასაკვირია, რომ  ხინკალი ჰყვარებია და ამ კერძს თვითონაც ხშირად ამზადებდა. მთაში გაზრდილს, არ უყვარდა ჩაის სმა და, კიდევ, დათრობის შემდეგ ბალიშზე თავის დადება. ამბობდა, ცოდვაა ბალიშზე თავის დადება, – თავი დაიკარგება შიგო. ამიტომ, თვითონ მუთაქას ხმარობდა. 

 

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ილიაობაზე და იმაზე, რომ ილია ჭავჭავაძე ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე. მას ასევე წესად ჰქონია, რომ მისი ოჯახიდან არავინ გამოსულიყო ფხიზელი. ვაჟამ კი სმაში თავისი ზომა იცოდა. ერთ-ერთ ილიაობაზე ვაჟა-ფშაველას წასვლა რომ გადაუწყვეტია და ჯერ ისევ ფხიზელი იყო, ვინ არ მიუსვა მას ილიამ - ეს კაცი დამითვრეთო, მაგრამ ვერა და ვერ დაათვრეს. რაკი ვაჟას სმით ვერაფერი დააკლეს, ბოლოს, ამდგარან და მისი ცხენი დაუთვრიათ. თურმე, მისულა ვაჟა თავის ბედაურთან და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო? იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა და ქეიფი და დროსტარება გაუგრძელებია.

 

 

ცნობილი ამბავია, რომ ვაშა-ფშაველა მაგარი მოჩხუბარი იყო და კრივში მისი დამარცხება ძალიან ძნელი იყო (რამდენჯერმე თბილისის ქალაქურ კრივშიც კი ჩაება). თუმცა, სასმელის დალევის შემდეგ, ვერავინ იხსენებს ვაჟას ჩხუბს და მცირე შეკამათებასაც კი. სასმელმა კაცი არ უნდა დასძალოსო - ამბობდა. ვაჟას, როგორც ჭეშმარიტ მთიელს, ერთნახადი არაყი (ჟიპიტაური) უყვარდა, თუმცა კარგ კახურ ღვინოზე უარს არასოდეს ამბობდა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ღვინო მისთვის საყვარელი და დასაფასებელი ადამიანების მიერ იყო მირთმეული.   

ავტორ(ებ)ი : allwine.ge