Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:32 23.05.2018
რატომ გაუყინა თბილისმა ირანის მოქალაქეებს საბანკო ანგარიშები

როგორც ირანის ფინანსური და ბიზნესწრეების ინტერესების გამომხატველი საქმიანი გაზეთი «Financial Tribune» იტყობინება, ირან-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უკმაყოფილოა საქართველოს მიერ მიღებული ამასწინანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც ქართულ ბანკებში ირანის მოქალაქეების ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.



„ჩვენ ვცდილობთ და ძალისხმევას არ ვაკლებთ იმას, რომ ირანის მოქალაქეების საბანკო ანგარიშების დებლოკირება მოხდეს“, - განაცხადა ირან-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა სეიდე ფატემეჰ მუგიმმა.



„ჩვენ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე დავაყენეთ, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ. ჩვენ ასევე ვთხოვეთ თბილისში არსებულ ირანის საელჩოს ამ საკითხის მოგვარებაში დახმარების გაწევის მიზნით“, - აღნიშნა სეიდე მუგიმმა, რომელმაც თბილისის მიერ ირანის მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებით ახსნა. გარდა ამისა, მისი აზრით, აშკარაა, რომ საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გარკვეული გავლენა მოახდინა ირანის წინააღმდეგ მიმართულმა აშშ-ის ზეწოლამაც.



ამას წინათ საქართველოს ერთ-ერთმა ფინანსურმა სტრუქტურამ მიიღო დირექტივა, რომლის თანახმად, ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინადრობის მოწმობა არ აქვთ, საბანკო მომსახურება შეუწყდებათ. საქართველოს გამკაცრებული საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა მხოლოდ იმ უცხოელ მოქალაქეებს მიეცემათ, ვინც ქვეყანაში არანაკლებ 10 წელი იმყოფება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge