Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:19 23.05.2018
"საქართველოსთან ომით რუსეთმა საკუთარი თავი დააზარალა"- მწერალი ვიქტორ ეროფეევი

რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ჟურნალისტი ოლღა ჟურავლიოვა ესაუბრება ცნობილ რუს მწერალს ვიქტორ ეროფეევს. სხვათა შორის, მამამისი - რუსი დიპლომატი ვლადიმერ ეროფეევი იოსებ სტალინის პირადი ფრანგულენოვანი თარჯიმანი იყო. 



ოლღა ჟურავლიოვასა და ვიქტორ ეროფეევის საუბარი ეხება თანამედროვე რუსული ლიტერატურის ტენდენციებს, რუსეთის საგარეო პოლიტიკას, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მდგომარეობას და ა.შ.


ვიქტორ ეროფეევი საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებს ყვება:



„საფრანგეთი ხშირად ასრულებს ცივილიზებული მსოფლიოს როლს. ეს ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დროს იყო შესამჩნევი. საფრანგეთს მსოფლიო იქ აგზავნიდა, სადაც ვიღაცა იყო შესაჩერებელი. [ათი წლის წინათ] პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც მსგავსი როლი შეასრულა: მან საკმაოდ წარუმატებლად, მაგრამ მაინც შეაჩერა თბილისის აღება....



ჰოდა, გუშინ მე სწორედ თბილისიდან დავბრუნდი. მინდა ვთქვა, რომ თითქმის ცრემლები მომდიოდა იმის გამო, რომ იქ უკვე რუსულად აღარ ლაპარაკობენ - ახალი თაობა მყავს მხედველობაში. იქ რუსეთს ოკუპანტს უწოდებენ. იმიტომ, რომ საქართველო თავისი ტერიტორიის 20% ვერ აკონტროლებს. თუმცა ასეთ პირობებშიც კი ქართველები საკმაოდ მხიარულად ცხოვრობენ და... სრულიად სხვა მხარეს იყურებიან. ანუ გამოდის, რომ რუსეთმა საკუთარი თავი დააზარალა. არადა, შეიძლებოდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობები გვქონოდა. იქ ბევრი რუსი ტურისტი ჩადის, მაგრამ მხოლოდ ხაჭაპურის დონეზე, ანუ ე.წ. „ხაჭაპურის ტურისტები“. [პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები გაწყვეტილია]. და როცა თბილისში ჩადიხარ, ქართველები უცხოპლანეტელივით გიყურებენ და გეკითხებიან - „როგორაა იქ საქმეო“, თითქოსდა ჩვენ მარსზე ვცხოვრობთ.



თბილისში ლიტერატურულ ფესტივალში ვმონაწილეობდი, საპატიო სტუმრის სტატუსით.



ჩემი წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე - „კარგი სტალინი“. კარგად შემხვდნენ, პატივი მცეს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველები, უკრაინელებთან ერთად, სადღაც მიექანებიან. რატომ? იმიტომ, რომ... ჩადიხარ თბილისში და ფიქრობ: რისთვის გვქონდა ომი საქართველოსთან? რაღაც ძალიან გაუგებრად გავაკეთეთ. ბოლოსდაბოლოს, რით დასრულდა ეს ყველაფერი? იმით, რომ რესტორნებში, კაფეებში, ტაქსისტების ჩათვლით, ახალგაზრდები რუსულად მხოლოდ „გამარჯობის“ დონეზე ლაპარაკობენ. კი, უფროს თაობას კიდევ ახსოვს, მაგრამ მათი რაოდენობა ხომ მცირდება? არადა, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთისთვის საოცარი კულტურული აღმაფრენის ქვეყანა იყო, დღეს კი მას ვკარგავთ“-განაცხადა მწერალმა. 

ავტორ(ებ)ი : newposts.ge