Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:47 22.05.2018
საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა. როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე ბრალდებულმა ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა. 



„კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში, საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე დაიწყო. აღნიშნული სახის დანაშაულის პრევენციის მიზნით, საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



საქმებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge