Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:30 20.05.2018
„თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე“

თუ ამ პიროვნებას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, რომ თავად ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე, - ამის შენსახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვერ უზრუნველყო მისი დაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომის ამოქმედება. გრიგოლიას განცხადებით, მამაკაცი, რომელიც მას წლებია ემუქრება, მის შესახებ ფლობს ყველანაირ ინფორმაციას, იცის მისი და მისი მშობლების საცხოვრებელი მისამართი. მისივე თქმით, აღნიშნული პირი არაერთხელ უნახავს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მის საცხოვრებელ კორპუსს იცავენ.



“ამდენი წლის განმავლობაში პოლიციამ ვერ დამიცვა. მე მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი მემუქრება, როგორ უნდა ვიცხოვრო?! დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! ჩემს სახლთან არის კორპუსის დაცვა და მათაც ჰყავთ ნანახი ეს ადამიანი. მან იცის ჩემი სახლის მისამართი, ყველაფერი ჩემს შესახებ. მან ასევე იცის ჩემი მშობლების სახლი. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც, როცა კანონი არის ადევნებაზე, გამოძალვაზე, თუ სახელმწიფო ვართ, არ შეიძლება ასეთი რამ რეაგირების გარეშე დარჩეს. თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე. მე არ მჭირდება ბოდიგარდები და მცველები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. თუმცა ჩვენ ყოველდღე ვაშუქებთ ძალადობის თემებს და შეიძლება ვინმე ასევე გამისწორდეს. მე მაინტერესებს ერთი რამ, დამიცვას ჩემმა სახელმწიფო?!”, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.



ტელეწამყვანმა სოციალური ქსელის “ფეისბუქგვერდზე” ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს. მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. გრიგოლიას განცხადებით, თავდაცვის მიზნით ის დღეიდან იარაღს ატარებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge