Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

18:01 17.05.2018
სკანდალი X ფაქტორის ირგვლივ - რაში ადანაშაულებენ პროექტის ხელმძღვანელებს

The X Factor — სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის ფრენჩაიზი, საიმონ კოუელისა და კომპანია SYCOtv-ის მიერ შეიქმნა. იგი თავდაპირველად ბრიტანეთის ტელეეთერში გავიდა და მიზნად ისახავდა Pop Idol-ის (2001–2003) ჩანაცვლებას. შემდგომში, შოუს ანალოგი მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

შოუს სახელწოდება განიმარტება, როგორც განუსაზღვრელი „რაღაც“, რაც ვარსკვლავობას უზრუნველყოფს. შერილ კოული, ბრიტანული The X Factor-ის ჟიურის წევრი, ამბობდა, რომ ეს არის „რაღაც, რასაც ვერ ახსნი“.


მსოფლიოში პოპულარული მუსიკალური შოუ X Factor-ის ქართული ანალოგი "რუსთავი 2"-ზე 2013 წლის 14 აპრილს გავიდა. შოუ საკმაოდ პოპულარული და მასშტაბური გახდა. 


შოუ თითქმის ყოველ წელს გადიოდა რუსთავი2-ის ეთერში, 2018 წელს კი - იმედზე გადავიდა.


კონკურსანტის სიმრავლიდან და კონკურენციიდან გამომდინარე, ყველა მუსიკალურ შოუს ახლავს სკანდალები. გამონაკლისი არც „X ფაქტორი“  აღმოჩნდა. 


„ჯორჯიან თაიმსს“ პროექტის ერთ-ერთი მონაწილის - ქეთა წიკლაურის დედამ წერილობით მიმართა.  მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


„მინდა მოგიყვეთ ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ ცნობილ შოუზე. X ფაქტორი-სიცრუეზე და ახალგაზრდა შემსრულებლების დისკრედიტაციაზე აგებული შოუა. აქ  სამი ადამიანი წყვეტს ყველას ბედს. ესენი არიან: სოფო ტოროშელიძე, გიორგი კიკვილაშვილი და გიორგი ხაბურზანია. ფინალისტები კი - შოუს დასაწყისშივე ცნობილია. ესენი ძირითადად სოფოს „თინ ქლაბის“ წევრები, ანდა სხვა პროდიუსერების ახლობლები არიან. 

ისინი შიდა კასთინგების შემდეგ, მსჯელობენ და ათეულებსაც არჩევენ. 4 კატეგორიაში 4-4 მონაწილე, როგორც მოგახსენეთ, თავიდანვე ჰყავთ შერჩეული, ხოლო ის დანარჩენი 6-6 მონაწილე, ისეთი დონის უნდა იყოს შერჩეული, ოთხეული რომ არ გადაფაროს.


და რა ხდება ფილარმონიაში ჩატარებულ კასთინგებზე, ალბათ გაინტერესებთ; თითეული შემსრულებლის გამოსვლამდე ხაბურზანია ადის ჟიურის წევრებთან და წინასწარ არიგებს, - ვის რა უნდა უთხრან. დარბაზის გამამხნევებლები აპელირებენ მხოლოდ იმ გამომსვლელებზე, ვინც ე. წ. „რჩეულთა“ რიგებშია. ზოგიერთი გამომსვლელი ისეთ სერიოზულ განაცხადს აკეთებს, რომ ჟიურის წევრები დარბაზის რეაქციის გამო „არას“ ვერ ამბობენ ...  და აი, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდები ხდებიან ზემოთხსენებული „სამეულის“ მსხვერპლნი. 


უამრავი ვიდეო იწერება ამ ახალგაზრდა მომღერლებზე, მათ კი მხოლოდ „მასისთვის“ იყენებენ, უღებენ ფოტოებს და ბოლოს მთელი თვე ალოდინებენ, თუ როდის გაუშვებენ ტელეეკრანზე. მაგრამ ამაოდ... საბოლოოდ, ისინი ტელეეკრანებიდან ქრებიან  და შესაბამისად, - პროექტიდანაც. იბადება კითხვა: რატომ იჩაგრებიან ჟიურის მიერ უმაღლესი შეფასებით  შემდეგ ტურში გადასული მონაწილეები?  პასუხი მარტივია-ისინი იმ რჩეულ ოთხეულზე ძლიერები არიან, ისინი დაჩრდილავენ „თინ ქლაბელებს“ და უმთავრესი -ისინი უფულოები და „უპატრონოები“ არიან.“ - გვწერს ნინო კირვალიძე.


აღნიშნულ სკანდალს ქეთა წიკლაურის პროდიუსერი თიკა ბეკოშვილიც ადასტურებს და აღნიშნავს:


„ქეთა წიკლაური  შემდეგ ტურში გადაიყვანეს. ამის აუდიო ჩანაწერიც გვაქვს. ჟიურის 4 ,,კი“ და დარბაზის ოვაციები თან ახლდა ქეთას გამოსვლას, მაგრამ ჩანაწერი გააქრეს და ტელეეკრანზეც არ გაუშვეს.“


„ჯორჯიან თაიმსი“ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, მეორე მხარეს,- „X ფაქტორის“ შოუს პროდიუსერს, - გიორგი ხაბურზანიას დაუკავშირდა, რომლის კომენტარსაც, ასევე, უცვლელად გთავაზობთ:


,,პირველ რიგში, გეტყვით, რომ ყველა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი კონკურსანტი, ასვე, მათი მშობლები ეცნობიან იმ წესებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. ეს წესები შეთანხმებულია ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან. ყველა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტია, - ინგლისში, უკრაინაში, - სადაც ეს პროექტი კეთდება, ზუტად ამ წესებით ხელმძღვანელობენ. 


წესებია შემდეგი, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ჩავწეროთ რამდენი კონკურსანტიც მოვა, ან -არ ჩავწეროთ, ეს მასალა გავუშვათ,  ან - არ გავუშვათ ეთერში. ამას წყვეტს პროდიუსერთა ჯგუფი. ეს არის სეზონიდან სეზონამდე,- გააჩნია როდის გავდივართ, რა ქრონომეტრაჟი გვაქვს. ხანდახან, ბევრი კონკურსანტია და გვრჩება, ეთერში არ გადის სხვადასხვა მიზეზების გამო. მათ შორის - ქრონომეტრაჟის ან რეიტინგის გამო, ერთნაირი ჟანრის სიმღერები რომ არ იყოს.  კონკურსის ნაწილთან ამას პირდაპირი შეხება არ აქვს.  ეს არის,  რაც სანახობრივად გადის ეთერში. 


რაც შეეხება კონკურსის წესებს: საბოლოო გადაწყვეტილებას ჟიური ღებულობს. მე ჟიურისთან იმისთვის ავდივარ, რომ ვუთხრა, თუ რა კითხვები დაუსვან კონკურსანტებს, რომ   მათ შორის საუბარი შედგეს. ის, რომ მე ვკარნახობ, - ვინ უნდა გადაიყვანონ - სისულელეა, მაშინ წინასწარ ვეტყოდი და გავაფრთხილებდი.  ზოგადად, იმიტომ არის გადაცემები ყურებადი, რომ კარგად ვყვებით კონკურსანტების ამბებს. 


ასევე, მონაწილესთან ფორმდება ჩვეულებრივი სტანდარტული ხელშეკრულება, რასაც მსოფლიოს ყელა ქვეყანაში - ამერიკიდან დაწყებული - ჰონდურასით დამთავრებული, ხელს აწერენ, სადაც  მსგავსი პროექტებია.“


ჩვენს შეკითხვაზე, - თუ ვინ ურჩევს მონაწილეებს სიმღერებს, გიორგი ხაბურძანიამ გვიპასუხა, რომ მათ რეპერტუარს  მუსიკალური რედაქცია ურჩევს. 


,,თუ კასთინგზე კონკურსანტები უკვე კარგი სიმღერით მოდიან, ჩვენ ამ სიმღერას აღარ ვცვლით. არის შემთხვევა, როცა მათ რამდენიმე სიმღერა მოაქვთ და ჩვენ იქიდან ვარჩევთ. ასევე,  არის შემთხვევა, როდესაც ისეთი სიმღერები მოაქვთ, რომ არცერთი არ ვარგა და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ვურჩევთ მას. 

თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამასთან დაკავშირებით, წესებში  ეს ნათლად წერია.  მოდიან, წესებს ეცნობიან და საკუთარი ნებით ღებულობენ კონკურსში მონაწილეობას. შემდეგ უკვე რატომ ხდება ასეთი რამ, გაუგებარია.“  


ავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ჟიურის პიროვნულად წინასწარ ჰყავს შერჩეული ოთხეული, რომელიც  შემდეგში 4 სკამზე ჯდება, პროექტის პროდიუსერმა განაცხადა, რომ - არასწორია:


,,პიროვნული შეხედულება არ არსებობს, ეს პროფესიონალური უფროა. 15 წელია ამ გადაცემას ვაკეთებ და ჯერ არ ყოფილა პიოვნული მიზეზის გამო ვინმეს მოეგო, ან წაეგო.  თუ ვინმე არ გვინდა კონკურსში, იმას არც ვეძახით. პრექასთინგები ტარდება და პირველი ეტაპიდან გადარჩევა ხდება. ეთერში თუ გამოგვყავს, ე.ი. გვჭირდება ეს კონკურსანტი. ჩვენ რომ გვინდოდეს ვიღაცის კონკურსამდე არ მოსვლა, იმის მოყვანა და ჩაწერა არც გვიღირს.  მაშინ ამხელა რესურსა და დროს, რაც თითოეული კონკურსანტის  გამოსვლაზე ჯდება, არ დავხარჯავდით.  ეს აბსურდია.


ჩვენ არ გვაქვს სპეციალურად დადგენილი კვოტა, თუ რამდენი უნდა გადაიყვანოს,  ან - არ გადაიყვანოს ჟიურიმ, ასეთ კონკურსებში ეს არც არის. კვოტა რომ იყოს, მაგალითად, მოვიდა 10  კონკურსანტი და გაქვს კვოტა, რომ უნდა გადაიყვანო მარტო 10, მაშინ იჩაგრება ის, ვინც ბოლოსკენ გამოდის, იმიტომ, რომ  შენ თუ მოგეწონა პირველი 10  და გადაიყვანე, შეიზღუდე,.. მე-11 მაგრად რომ იმღეროს, უკვე იჩაგრება.  ასეთ კონკურსებს არასდროს არ აქვთ თავიდანვე კვოტა.  ყველა, ვინც მოსწონთ და პოტენციურია, გადაჰყავთ, ამ მხრივ ლიბერალურია ჟიური. მერე უკვე ყველა გადაყვანილიდან  40-მდე უნდა დავიდეს კონკურსანტების რიცხვი. ცალკე ჟიური, ცალკე მუს. რედაქცია და ცალკე პროდიუსინგი  ვსხდებით და ვარჩევთ იქიდან  40 კონკურსანტს, ვინც უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, ყველა ნანახიდან. მაგალითად „X ფაქტორის“ ბენდებში რამდენიც გამოვიდა, ყველა მოხვდა ათეულში. იმიტომ, რომ  ცოტა ბენდი იყო.  გოგოების კატეგორიაში ბევრნი იყვნენ და ყველა ვერ გადავიდოდა, ელემენტარული ლოგიკაა.


ვინც ნაწყენია, რომ ვერ გადავიდა, ის სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობს. ამას ყველაფერს იურიდიულად და ეთიკური ნომებით აბსოლუტურად სწორად ვაკეთებთ.  მერე 10 მონაწილიდან 4 სკამზე უფრო მეტი კონკურენციაა ხოლმე.” – განაცხადა ხაბურზანიამ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge