Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:46 16.05.2018
“არცერთი ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას არ ვემხრობი”

“არცერთი ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას არ ვემხრობი”, ამის შსახებ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აცხადებს. ნანა ჩაჩუა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს, რომ არცერთი სახის ნარკოტიკული ნივთიერება არ იყოს ხელმისაწვდომი. როგორც ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის სიჯანსაღეზე და აღნიშნავს, არ უნდა მოხდეს დაბინდული გონების ხელშეწყობა.

 

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა: “არცერთი ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაციას არ ვემხრობი. ვისაც საქმე ჰქონია მოზარდებთან და ურთიერთობის დროს განუხილავს ისეთი საკითხები, რომლებზე მუშაობაც ფსიქოლოგებს უხდებათ, კარგად იაზრებენ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ხელმისაწვდომობა არის ძალიან დიდი ცდუნება. დეკრიმინალიზაციის მომხრეები აღნიშნავენ, რომ მოზარდები მაინც შეძლებენ და იშოვიან ნივთიერებებს, სწორედ ამგვარი დამოკიდებულება მცდარი. 12–13 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებისათვის ნარკოტიკული საშუალებები არის მარტივად ხელმისაწვდომი, ასევე, სტუდენტებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც არიან მომხმარებლები, მოდიან  რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილნი და დაშორებულნი. ვისაც არ აქვს უშუალო შეხება ამ საკითხთან, მისთვის მარტივიცაა საუბარი, მაგრამ ვინც იცის რეალურად რა შედეგები დგება ამ ადამიანებისთვის, იაზრებს, რომ სავალალო მდგომარეობაა. ადამიანმა თავის ჭირს, ლხინსა თუ სხვადასხვა სახის პრობლემას ადეკვატურად უნდა უყუროს, მას ერთი წუთითაც არ აქვს უფლება, რომ საკუთარი თავი მოწყვიტოს რეალობას.

ყველაზე რთულ, მოზარდობსი ასაკში, ადამიანებს არ აქვთ პიროვნული სიმყარე და ისინი ცდილობენ, რომ გაექცნენ სინამდვილეს, სწორედ მათთვის  არის ხელმისაწვდომი ნარკოტიკული საშუალებები.  ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იღონოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, რომ საერთოდ არ იყოს ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესაძლებლობა. ისინი, ვინც დეკრიმინალიზაციაზე აპელირებით სარგებელს ნახულობენ, ხელს უწყობენ ამ თემის გავრცელებას. შეუძლებელია, ვმსჯელობდეთ იმაზე, რომ უნდა შევუწყოთ თუ არა ხელი ადამიანს, რომელსაც ცნობიერება დაებინდება და თუნდაც ერთი წუთით რეალობას მოწყდება.

თუ ვინმეს სურს გამხიარულება, შეუძლია, ჯანსაღი და მრავალფეროვანი გზები მოძებნოს, რომელიც საფრთხეს არ მოუტანს, პირობითად, ჰაშიშით გამოწვეული სიცილი ჯანსაღი მდგომარეობა არ არის.  ნარკოტიკული ნივთიერებების დერკიმინალიზაციის მოთხოვნა არის საქმისგან შორს ყოფნის მიმანიშნებელი და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს რეალობა საერთოდ  არ აქვთ აღქმული.”

 

 

ttimes.ge

 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge