Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:54 16.05.2018
The New York Times: საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის უჩვეულო თემაზე საპროტესტო აქცია გაიმართა

გავლენიანი ამერიკული გამოცემა «The New York Times»-ი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.



საქართველოში, თბილისში, შაბათ-კვირას ახალგაზრდებმა ქუჩაში დემონსტრაცია გამართეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის სრულიად ახალი საკითხით, რომელიც ნარკოტიკების რეკრეაციული გამოყენების ლეგალიზაციას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ოპონენტებმა უსაქმურებად და ნარკომანებად მიიჩნიეს, საქართველოს მთავრობამ მათი გამოსვლა სერიოზულად აღიქვა - ხელისუფლებამ მოლაპარაკებისათვის თანხმობა განაცხადა, მაგრამ [მომიტინგეთა დასაშლელად] წყლის ჭავლიანი ავტომანქანებიც მოამზადა.



ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კანონები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - იქაც კი, რომლებიც პოლიტიკურად დასავლეთისკენ იხრებიან, მათ შორის საქართველოშიც - შედარებით უფრო მკაცრი და ხისტია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.



საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - მოძრაობა „თეთრი ხმაური“ 2013 წელს შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაეცვა ადამიანები, რომლებთაც რვა წელი საპყრობილე ელოდათ ორი გრამი მარიხუანას შენახვისათვის. ბექა წიქარიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე საბოლოო ჯამში ჯარიმით დასრულდა, მაგრამ „თეთრი ხმაური“ პოპულარულ მოძრაობად იქცა, მას ბევრი ისეთი პიროვნება მიემხრო, ვისაც საპყრობილეში ხანგრძლივი პატიმრობა ელოდებოდა.



შაბათ-კვირას გამართული პროტესტები გამოიწვია პოლიციის მიერ მოწყობილმა ანტინარკოტიკულმა რეიდებმა თბილისის ორ ღამის კლუბში. ეს გახდა მიზეზი ქუჩის დემონსტრაციისა იმ რეგიონში, სადაც საზოგადოება კორუფციის წინააღმდეგ ხშირად გამოდის და იმ მმართველებს აკრიტიკებს, რომლებსაც ხელისუფლებიდან წასვლა არ სურთ, ვადის დასრულების მიუხედავად. ასეთი იყო ე.წ.„ფერადი რევოლუციების“ ფაქტორები, როცა რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მთავრობები დაემხო.



„ეს ახალგაზრდა თაობაა“, - განაცხადა სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა შოთა უტიაშვილმა, - „მათთვის პარასკევს ღამით მომხდარი ამბავი უკვე წმინდა რამ არის“.



ახალგაზრდები შაბათს და კვირას თბილისში [პარლამენტის შენობის წინ მოედანზე] შეიკრიბნენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ მეზობელ სომხეთში ქუჩის გამოსვლების შედეგად ისეთი ლიდერი დაემხო, რომელიც ხელისუფლებაში უვადოდ დარჩენას ცდილობდა. შესაბამისად, ხმები გავრცელდა, რომ პროტესტი გაფართოვდებოდა და მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საფრთხე დაემუქრებოდა.



თუმცა „თეთრი ხმაურის“ წევრების მიერ დაწყებული პროტესტი ნარკოტიკულ საშუალებათა კანონმდებლობის ლიბერალიზების შესახებ ახალგაზრდების წრის მიღმა არ გავრცელებულა: „ჩვენ კონსერვატიული ქრისტიანული ქვეყანა ვართ და საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს უფრო მკაცრ ნარკოპოლიტიკას“, - თქვა შოთა უტიაშვილმა.

„თეთრი ხმაურის“ მიტინგმა ოპონენტების საპასუხო აქცია გამოიწვია. საბოლოოდ, ნარკოლეგალიზაციის მომხრეები დაიშალნენ.



როგორც ხელისუფლებამ განაცხადა, ღამის კლუბებში მოწყობილი რეიდის მიზანი კეთილშობილური იყო. პოლიციის მოქმედება გამოიწვია ხუთი ახალგაზრდის სიკვდილმა, რომლებიც ბოლო ხანებში ნარკოტიკების დოზირების გადაჭარბების გამო გარდაიცვალნენ.



პოლიციამ გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, დილერები ღიად ვაჭრობენ საზოგადოებრივ ადგილებში სინთეტიკური ოპიუმშემცველი ნარკოტიკული საშუალებით. ეს მთელი მსოფლიოსათვის უბედურებაა და, რასაკვირველია ,საქართველოსაც ემუქრება.



პროტესტების შეწყვეტაზე ძლიერი გავლენა მოახდინა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ნაბიჯმა - მან ბოდიში მოიხადა პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო. გარდა ამისა, იგი შეხვდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს - „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლებს, ნარკოსაშუალებათ საკითხში ეროვნული პოლიტიკის განხილვის მიზნით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას, ერთი მხრივ, მტკიცე პოზიცია აქვს ნარკოტიკებით ვაჭრობის საკითხში, ხოლო მეორე მხრივ, უფრო ჰუმანური იქნება ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ.

ავტორ(ებ)ი : newspress.ge