Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:27 16.05.2018
პუტინს სურს, რუსების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზარდოს - რამდენ წელს ცოცხლობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

BBC პოსტსაბჭოთა სივრცესა და დასავლეთის ქვეყნებში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკით დაინტერესდა, გამოთვალა და რადიკალურად განსხვავებული სურათი მიიღო...

 

მათი გამოთვლით, რუსეთში ცხოვრობენ მხიარულად, თუმცა, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მედიცინა უფრო განვითარებულია, ბევრად მოკლე ხანში ასრულებენ სიცოცხლეს, თუმცა დასავლეთში დეპრესია აწუხებთ...

 

ეს კვლევა გამოცემამ მას შემდეგ ჩაატარა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად გაეხადა “80+” ქვეყნების სიაში შესვლა (სადაც მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 80 წელზე მეტია). ასეთი ქვეყნების სიაში არიან იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, ფინეთი და შვეიცარია...

 

“2000-იან წლებში, რუსეთის მოსახლეობაში, ქალების სიცოცხლის საშუალო ასაკი 65 წელი იყო, მამაკაცების კი - უფრო დაბალი - 60, რაც მაშინ ტრაგედიად შევაფასეთ და მისი გამოსწორების გზებზე დავიწყეთ ფიქრი,” - განაცხადა პუტინმა, რომლის თქმითაც, ახლა რუსეთის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 73 წლამდე გაიზარდა.

 

კვლევის თანახმად, 90-იან წლამდე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის ხანძგრლივობა 80 წელს აჭარბებდა... ერთადერთი რესპუბლიკა, რომელმაც მაღალი სიცოცხლის უნარიანობა შეინარჩუნა, არის ინგუშეთი, სადაც შობადობის მაჩვენებელიც მაღალია და 90-იანი წლების დაღმასვლაც არ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის განვითარების დონე, როგორც რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, ძალიან დაბალია.

 

რაც შეეხება, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, სიცოცხლის საშუალო ასაკის მატების მხრივ ლიდერობს სომხეთი, შემდეგ მოდის - ლატვია, საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი და ბოლოს, - რუსეთი. ფედერაციის ტერიტორიაზე კი ყველაზე მძიმე, შეიძლება ითქვას, უმძიმესი მდგომარეობაა ციმბირში.

 

ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქვეყნების მონაცემები კვლევაში შეტანილი არ არის. BBC-ის მიერ წარმოებულ კვლევაში, ქალებსა და მამაკაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე განსხვავებულ მაჩვენებელს შორის მოხვდა საქართველო (9,75%-ით), რომელიც მე-7 ადგილზეა. მას უსწრებენ, რუსეთი (10,85%), ლიტვა 10,61%), ბელორუსი (10,59%), უკრაიანა (9,95%) და ლატვია (9,83%).

 

ამასთან, კვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ 62 წლამდე ცხოვრობს ჯანმრთელი ცხოვრებით, შემდეგი წლების განმავლობაში კი ის გაუარესებული ჯანმრთელობითა და ასევე უხარისხო სამედიცინო მომსახურებით განაგრძობს სიცოცხლეს.

 

საქმე ის არის, რომ 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთში სიკვდილიანობა საშუალო ასაკის ადამიანებში გაიზარდა. Ведомости-ს ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზად ყველაზე ხშირად გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებები, ტუბერკულოზი, ფსიქიკური აშლილობა, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ავტოსაგზაო შემთხვევები სახელდება.

 

რაც შეეხება საქართველოს, სპეციალისტების შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ასაკი 75 წელია. ამასთან, გაზრდილია პენსიონერთა რაოდენობაც, შესაბამისად ერი ბერდება.

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მამაკაცებს შორის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68.6-ს შეადგენდა, ხოლო ქალებში 77.2 იყო. სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში მოხუცებულებისა და ახალშობილების შეფარდება დისპროპორციულია.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge