Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:37 16.05.2018
"კარასინი იტყვის, ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს..."- გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება. ვაშაძის თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება კულუარებში ამ საკითხზე უკვე დაწყებულ მუშაობასთან არ არის კავშირში და ეს განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება. გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მარგველაშვილის განცხადებას გამოიყენებს იმის დასტურად, რომ საქართველოს ხელისუფლება კავკასიაში არსებულ „ახალ რეალობას“ აღიარებს.


„რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მითუმეტეს მარგველაშვილი და მითუმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ შეხვედრაზე, ინტერესები არის სრულიად შეუთავსებელი. თუ ასეთი კულუარული მუშაობა არ მიმდინარეობდა კიდევ უკეთესი კრემლისთვის. იქნება განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროსი ან კარასინის, რომელიც იტყვის, რომ ხომ ხედავთ საქართველოში საღი აზრი იმარჯვებს და როგორც იქნა ეს ქვეყანა თავისი წარმომადგენლების პირით ამბობს, რომ დრო არის აღიარონ ის ახალი რეალობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა. ასედაც და ისედაც კარგია კრემლისთვის. ჩვენ კიდევ, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, უნდა შევიგნოთ, რომ ვიღაცის რეკომენდაციით „ჯიპას“ რექტორის არჩევა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ამით მთავრდება,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge