Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:04 11.05.2018
„ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მართული პროცესი, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანი მართავს“

ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება პირველ რიგში ვარლამ ლიპარტელიანისგან არის მართული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლიპარტელიანს სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავს. 

„ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს. პირველ რიგში ლიპარტელიანისგან არის ეს პროცესი მართული, რადგან შეცდომაში შეჰყავს სპორტსმენები. ნასაუბრები მაქვს სპორტსმენებთან და აცხადებენ, რომ ჩემთან არ აქვთ პრეტენზია, უბრალოდ გუნდია და არ უნდათ გუნდს გამოაკლდნენ, როგორც თავად ამბობენ. მთელი 4 წლის განმავლობაში იყო არა ერთი ადეკვატური მოთხოვნა.

 

ძალიან ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ ეს ვითარება აქამდეც დამდგარიყო, მაგრამ მაქსიმალური კონტროლით ვცდილობდი ეს არ მომხდარიყო. ამის საფუძველი მათთვის გახდა ევროპის ჩემპიონატის შედეგი. ვარლამ ლიპარტელიანი არის კაპიტანი, რომელმაც ბიძგი მისცა ასეთ მიმართულებას. მე ამ ჩემი პრინციპული დამოკიდებულებით ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტს. ეს არის უაზრო მოთხოვნები. ძალა სიმართლეშია“, - განაცხადა ქევხიშვილმა. 

მისივე თქმით, ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მართული პროცესი. „დღეს ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარა ვარლამ ლიპარტელიანის გამოსვლამ ყრილობის შემდეგ. მან დაიწყო იმით, რომ ნაკრებს არ ჰქონდა პირობები სავარჯიშოდ, დღეს კი გააჟღერა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები. მოულოდნელი იყო ეს ბრალდებები, მით უმეტეს სპორტსმენისგან და ეს მარაზმია, რადგან სპორტსმენი ფიქრობს თურმე ახალგაზრდულ ნაკრებზე, გოგონების ნაკრებზე, ვინ სად დადის და რა შუაშია ეს თემები სპორტსმენთან?! ასეთ რამეებზე რომ ფიქრობს სპორტსმენი და სხვა სპორტსმენებსაც ამას ეუბნება და გაურკვევლობაში აგდებს, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე დამდგარი შედეგის“, - აღნიშნა ქევხიშვილმა. 

მანვე „პალიტრანიუსის“ ეთერში კონკრეტულ ბრალდებებზეც ისაუბრა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge