Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:58 07.05.2018
„ისლამური სახელმწიფო“ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ტერაქტების სერიას გეგმავს

„ისლამურმა სახელმწიფომ" ბოლო დღეებში რუსეთის ხელისუფლებისა და ჩეჩნეთის ლიდერის რაზმან კადიროვის მისამართით რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ჩანაწერებზე ძირითადად ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები არიან აღბეჭდილი, რომლებიც „რუსეთში ჩასვლისა და მტრების განადგურების" პირობას დებენ.

 

ამას გარდა, ისინი დამამცირებელი ეპითეტებით იხსენიებენ კადიროვს და პირობას დებენ, რომ სასტიკად დასჯიან მას.

 

მათი კიდევ ერთი მუქარა რუსეთში წელს დაგეგმი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ისლამისტები პირობას დებენ, რომ ჩემპიონატს ჩაშლიან. ჩანაწერებში ისინი ახსენებენ ლეო მესისა და ნეიმარს, რომელთაც ურჩევენ არ წავიდნენ რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე.

 

„ისლამური სახელმწიფო" ასევე ავრცელებს სხვადასხვა ძალადობრივი შინაარსის პოსტერებს, რომლებიც ასევე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ისლამისტები აცხადებენ, მსოფლიო ჩემპიონატზე ტერორისტული თავდასხმების სერია მოხდება.

 

„ისალმური სახელმწიფოს" გაქტიურება არ გაკვირვებია უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას. მისი თქმით, მოვიდა გაზაფხული და „ისლამური სახელმწიფო" გაქტიურდება როგორც ევროპაში, ისე კავკასიაში.

 

„უნდა აღინიშნოს, რომ „ისლამური სახელმწიფო" გაქტიურდა არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. მათი შემოსავალი თვეში აღწევს დაახლოებით 3 მილიონ დოლარს. სირიაში საკმაოდ აქტიურად გაანახლეს თავის საქმიანობა და პლიუს ახლახანს განცხადება გააკეთა „ფინანსთან მინისტრმა" ამირ მუჰაჯირიმა, რომელმაც საკმაოდ ამბიციური განცხადებები გააკეთა ორგანიზაციის მომავალთან. დაკავშირებით.

 

„რუსეთში ეს ჩემპიონატი არის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი ღონისძიება. შესაბამისად, „ხალიფატის" გაქტიურებაც უკვე შეიმჩნევა. ასე რომ, ამ ფონზე მათი მუქარა გასაკვირი არ არის. მითუმეტეს ჩატაევის აღმოჩენის ფონზე, რომელიც რუსეთში მიდიოდა, რომ გააერთიანებინა „კავკასიის ემირატის" შენაერთები ერთ მთლიან სტრუქტურაში და, როგორც ჩანს, „ხალიფატმა" ეს მოახერხა. მოვიდა გაზაფხული, ზაფხული და როგორც ევროპაში, ისე კავკასიაში გაქტიურდება `ხალიფატი", - უთხრა „რეზონანსს" მაისაიამ.

 

მისი თქმით, ტერორისტები საქართველოს სატრანზიტო დერეფნად იყენებენ და ეს ჩატაევის შემთხვევასი ძალიან კარგად გამოჩნდა. თუმცა, მისივე თქმით, ტერორისტული შემთხვევებიდან დაზღევული არავინაა. ამიტომ ხელისუფლებას ამის გათვალისწინებას ურჩევს.

 

„ტერორისტული აქტების მოწყობის ალბათობა არსებობს. თუმცა, რუსეთისთვის გაცილებით საშიში იქნება, თუ რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები ჩემპიონატში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ", - ამ განცხადებას კი ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აკეთებს.

 

„მუქარა არის რეალური, თუმცა, მეორე მხარეა, თუ რა შესაძლებლობები აქვს დღეს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს და რა მასშტაბის აქტივობების უნარები შესწევთ მათ რუსეთში. ამ ბოლო დროს ხშირია ინფორმაციები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გააქტიურების შესახებ. თუმცა, ისეთ საგანგაშოს, ან ისეთ მასშტაბურს, როგორიც იყოს 3-4 წლის წინ, ამ ეტაპზე ვერაფერს ვხედავთ.

 

„ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებები საკმაოდ შებოჭილები არიან სირიაში, მათი შემოსავლებიც საკმაოდ შემცირდა წინა წლებთან შედარებით, როცა ნავთობ საბადოებს აკონტროლებდნენ. პირადად კადიროვს არ მგონია საფრთხე შეუქმნან. ისეთი დაცვით არის უზრუნველყოფილი, ბევრ პრეზიდენტს შეშურდება.

 

„რამდენად შეექმნება საფრთხე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას? მსგავსი საშირშოება ყოველთვის, ყველა ასეთი მსხვილი ფორუმის ორგანიზებისას არსებობს, მუქარებიც ბევრი მოგვისმენია და მუქარებად დარჩენილა.

 

„რუსეთი კარგად ათვიცნობიერებს ამ საფრთხეებს. სათანადო ზომებსაც იღებენ. უკვე არსებული ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ მასშტაბურ ზომებს იღებენ. ჩემპიონატის დღეებში ქალაქებში, სადაც თამაშები გაიმართება, წარმოებებსაც კი აჩერებენ.

 

„ტერორისტული აქტების მოწყობის ალბათობა არსებობს. თუმცა, რუსეთისთვის გაცილებით საშიში იქნება, თუ ტერორისტული საშიშროების გამო რომელიმე ქვეყანა ან ქვეყნები ჩემპიონატში მონაწილეობისგან თავს შეიკავებენ.

 

„ასეთი განცხადებები საკმარის ფონს ვერ შექმნიან. არაა გამორიცხული, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდეს ჩემპიონატთან დაკავშირებით ტერაქტებს და ამისათვის ჰყავდეთ დაკონსერვებული გარკვეული ძალები. ვნახოთ რას მოახერხებენ. ასეთ თემაზე პროგნოზები უფრო მკითხაობაა, ვიდრე ანალიტიკოსობა", - გვითხრა სალუქვაძემ.

 

მისივე თქმით, ჩატაევის ჯგუფის განადგურება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად ებრძვის ტერორიზმს.

 

„რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ საჯაროდ საქართველოს ტერორიზმის ტრანზიტულ ქვეყნად მოხსენიებას. ტერორისტები ჩვენამდე უნდა მოვიდნენ სხვა სახელმწიფოდან, ჩვენგანაც უნდა გადავიდნენ. ნურც ჩვენთან შემოუშვებენ და ნურც ჩვენგან მიიღებენ.

 

„იმის მიუხედავად, რომ მრავალი კითხვა შეიძლება არსებობდეს, ჩატაევის ჯგუფის განადგურება ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად ებრძვის ტერორიზმს. დანარჩენი კითხვები დახურულ კარს მიღმაა დასასმელი. უნდა ვიცოდეთ, რომ რეიტინგის აწევის, ყურადღების მიქცევის, ან სხვა ვიწრო მიზნების მიღწევის მიზნით, მსგავს საუბრებს მეტი საფრთხის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ყველა ასეთი დაუფიქრებელი განცხადება, სამომავლოდ, შესაძლოა გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ.

 

„სირიაში რუსეთის მოქმედებებიდან გამომდინარე, ტერორისტების სამიზნე არის რუსეთი. შესაბამისად, თუ საქართველოში შემოღწევას შეეცდებიან რუსეთში მოსახვედრად, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. რუსეთში მოსახვედრად შესაძლოა სხვა მარშრუტებიც აირჩიონ. ამიტომ რუსეთიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა წარმატებით იმოქმედონ ამ მიმართულებით", - აღნიშნა სალუქვაძემ.

თიკო ოსმანოვა

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი