Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:18 27.04.2018
ავღანეთი, ხედი ქაბულზეავღანთა რისხვა გიორგი გურჯი და მის საფლავთან მუხლმოყრილი ქართველი გენერალი

პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ყანდაართან დგას მარმარილოს სვეტი წარწერით: "მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე - ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება. ესენი იყვნენ - ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი და გურჯი გიორგი.

 

ვინ იყო გურჯი გიორგი, ასეთ პატივს რომ მიაგებენ ავღანელები? ისტორია გვამცნობს, რომ იგი ქართლის გვირგვინოსანი მეფე, ვახტანგ მეხუთეს ძე, გურგენ-ხანად წოდებული ქართლისა და ირანის სპასალარი, გიორგი მეთერთმეტეა. ქართველ მეფეს ბედმა და გარემოებამ არ დააცადა, თავისი ნიჭი და ძალა სამშობლოს ხსნისთვის გამოეყენებინა და იძულებული გახდა, დამმონებლის – სპარსეთის მთავარსარდლობა მიეღო.

 

ირანის მბრძანებელმა, შაჰ-სულთან ჰუსეინმა ქართლის ნომინალურ მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა და ბოლოს აიძულა ისლამიც მიეღო. გიორგი მეთერთმეტემ მაჰმადიანობა მხოლოდ მტრის თვალის ასახვევად მიიღო, გულზე კი ისევ ქრისტეს ჯვარი ეკიდა. შაჰმა მას ირანის სამხრეთ პროვინცია – ქირმანი ჩააბარა და აჯანყებული მომთაბარე ტომების – ბელუჯებისა და ავღანელების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა.

ავტორ(ებ)ი : sputnik-georgia.com