Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:34 25.04.2018
გერმანია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობის გაუმჯობესებას

გერმანია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში - გაერო-ში გერმანიის ელჩი

 

 25.04.2018 ქ.ნიუ-იორკი - "გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მზაობას გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის საფუძვლის შესაქმნელად. საქართველოს მთავრობის შეთავაზებათა პაკეტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობას. დარწმუნებული იყავით ჩვენს მხარდაჭერაში ამ მიზნების განსახორციელებლად" - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა, გაერო-ში გერმანიის ელჩმა ჰანს-იოაკიმ დაერმა განაცხადა საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამართულ ღონისძიებაზე.

 

 ელჩმა გამოხატა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოზიცია და დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. შეთანხმებების გაფორმება, ისევე როგორც სამხედრო შენაერთებისა და საბაჟო სამსახურების გაერთიანება და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ხელოვნური ბარიერების აღმართვა. გერმანელი დიპლომატის განცხადებით, ეს ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

 

 "აუცილებელია აღნიშნულ რეგიონებში დაშვებული იქნან საერთაშორისო მონიტორები და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. მოვუწოდებთ ამ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას დაუშვას აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ინსტიტუტები"-განაცხადა ჰანს-იოაკიმ დაერმა. მისივე თქმით, გერმანია იდგება საქართველოს გვერდით ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე.

 

 საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიება „ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის", გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

 

 აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace" და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge